Moderna 2021 წლისთვის კორონავირუსის ვაქცინის გაყიდვებიდან $18.4-მილიარდიან შემოსავალს ელოდება. ეს პირველი შემთხვევა იქნება 2010 წლიდან, ანუ მისი შექმნის დღიდან, როდესაც კომპანია მოგებაზე გავა. ცნობისთვის, აშშ-ში ჯერჯერობით მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს ავტორიზაცია გავლილი – სწორედ Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინებს.
Moderna-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელის სტეფან ბანსელის თქმით, კომპანია წარმოების მოცულობის გაზრდას აპირებს: კერძოდ, 2021 წლის ბოლომდე კომპანიაში 700 მილიონიდან 1 მილიარდ დოზამდე წარმოებას გეგმავენ.
გარდა ამისა, კომპანიაში მუშაობენ დამატებით ვაქცინაზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული შტამის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ასევე, Moderna-ს ისეთი ე.წ. მომავალი თაობის ვაქცინების შექმნა სურს, რომელთა შენახვისთვისაც საყინულე არ იქნება საჭირო, რაც დისტრიბუციას გააიოლებს, განსაკუთრებით – განვითარებად ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე 60 მლნ დოზა ვაქცინის მიწოდება შეძლო და 100 მლნ დოზის წარმოებისთვის საკმარისი მასალა აქვს.