მომავალ წელს უკრაინა მილიონი ერთეული დრონის წარმოებას გეგმავს

მომავალ წელს უკრაინა მილიონი ერთეული დრონის წარმოებას გეგმავს

REUTERS/Sofiia Gatilova

უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს კიევი მილიონი ერთეული FPV-დრონის წარმოებას გეგმავს. ამის მიზეზი კი ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და აღნიშნული ტიპის დრონებზე მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო წელს უკრაინა 11,000 ერთეულ საშუალო და შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ დრონსაც აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის დღიდან, უკრაინა პატარა ზომის FPV-ტიპის დრონებს როგორც სადაზვერვო, ისე სათვალთვალო თუ თავდასხმითი დანიშნულებით აქტიურად და საკმაოდ ეფექტიანად იყენებს.

თუმცა ტაქტიკა მალევე რუსმა სამხედროებმაც გადაიღეს და ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენება ფრონტზე აქტიურად დაიწყეს. შესაბამისად, დაიწყეს და გაზარდეს მსგავსი ტიპის დრონების წარმოება და შესყიდვა. სტრატეგიულ ინდუსტრიათა მინისტრის განმარტებით, დრონების საწარმოებლად ყველა გარემოება მზადაა.

უკრაინა დამატებით 1000 ერთეულ 1000 კილომეტრზე მოქმედი დრონის წარმოებასაც გეგმავს. დრონების პირველი პარტია, 50,000 ერთეული, დეკემბრის ბოლოსთვის იწარმოება.