მეტროპოლის მმართველი პარტნიორი გიორგი მხეიძე მრავალფეროვანი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტებით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მომავალს ქმნის. ამ ეტაპზე კომპანიის მშენებლობების ჯამური ფართი 545,000 კვ. მ-ზე მეტია, ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1,050,000,000 ლარს აღწევს. მიმდინარე პროექტებს შორის განსაკუთრებით საინტერესო შინდისის სააგარაკე პროექტია, რომელიც კერძო სახლებზე გაზრდილ მოთხოვნას თბილისის შემოგარენში თანამედროვე დასახლების შექმნით პასუხობს.
ავტორი: ანინა ტეფნაძე
მეტროპოლი ორი წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით გაიზარდა. რა იყო თქვენი თავდაპირველი ხედვა და როგორ გადმოგაქვთ ის რეალობაში ამ ეტაპზე?
კომპანიის მიზანი ბაზარზე შემოსვლის მომენტიდან მომხმარებლებისთვს განსხვავებული გამოცდილების შექმნა იყო. სტრატეგიად დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა ავირჩიეთ, რაც საცხოვრებელ, საინვესტიციო და სააგარაკე პროექტებს მოიაზრებს. საცხოვრებელი კომპლექსების მიმართულებით მთავარი გამოწვევა იყო, ყველა საკვანძო უბანში ვყოფილიყავით წარმოდგენილები, რათა მომხმარებლებისათვის მრავალფეროვანი არჩევანი შეგვეთავაზებინა. გარდა ამისა, ჩვენს ყველა პროექტში ვითვალისწინებთ კომფორტული ცხოვრებისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურასა და რეკრეაციულ ზონებს.
სანამ ბაზარზე შემოვიდოდით, დიდი დრო და ძალისხმევა დავუთმეთ მომხმარებლების სურვილებისა და ქცევის შესწავლას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ტიპის საჭიროება გვაქვს: თუ შედარებით მცირე ასაკში პირველი შენაძენისთვის პატარა ბინას ვეძებთ, მოგვიანებით, როცა სურათში ოჯახი და ბავშვები ჩნდება, სხვა ზომისა და მახასიათებლების საცხოვრებელი გვჭირდება. პრიორიტეტული ხდება ინფრასტრუქტურის კომპონენტი — სკოლასთან, ბაღთან, სარეკრეაციო სივრცეებთან სიახლოვე. ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებლების მოთხოვნებს მათი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ვუპასუხოთ: იქნება ეს ქალაქგარეთ კერძო სახლის, მიწის, საცხოვრებელ კორპუსში ბინისა თუ საინვესტიციო ფართის შეძენა.
საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია. როგორ ოპერირებთ ასეთი მძაფრი კონკურენციის ფარგლებში?
მთავარი, რაც კონკურენტებისგან გამოგვარჩევს, ადამიანებზე ორიენტირებული საცხოვრებლების შექმნაა. თითოეული დეტალი, რომელსაც ვქმნით, ადამიანზე და მის კეთილდღეობაზეა მორგებული – ჭერის სიმაღლის, ფუნქციური ზონების, განლაგების, ლოკაციის, დანიშნულების, თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრის ჩათვლით. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ სახლს, ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, სრულიად განსხვავებულ პროექტებში მოახდინოს ინვესტირება. სახლის შეძენა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია თანხის დაბანდება უძრავ ქონებაში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისაკენ, რომ ადამიანებს მომავალთან დაკავშირებული ჩანაფიქრების რეალობად ქცევაში მხარი დავუჭიროთ.
გააზრებული გვაქვს, რომ თითოეული ადამიანის მოთხოვნები და საჭიროებები მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია. ამიტომაც ჩვენს საქმიანობაში დივერსიფიცირებული პორტფელი და მუდმივი განვითარება მთავარი ღირებულებებია — მრავალფეროვანი პროექტებით, ხარისხის მაღალი სტანდარტითა და ინდივიდებზე მორგებული შეთავაზებებით ვცდილობთ, ბაზარზე არსებულ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ.
ამ ეტაპზე თბილისსა და ბათუმში ექვს პროექტს ახორციელებთ. რას სთავაზობთ მომხმარებელს ამ პროექტების ჭრილში?
ამ ეტაპზე მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ. მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. თბილისში და მის შემოგარენში ვაშენებთ საცხოვრებელ სახლებს, ხოლო ბათუმში გვაქვს როგორც საცხოვრებელი, ასევე საინვესტიციო პროექტები. საინვესტიციო მიმართულებით ბათუმში მეტროპოლ კუბსა და მეტროპოლ ოვალს ვაშენებთ. ამ პროექტებში ჩვენი მთავარი პარტნიორი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების საერთაშორისო ბრენდი Louvre Hotels Group-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტებმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მეტროპოლ ოვალისათვის საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards 2024-ის ჯილდო მოვიპოვეთ საქართველოს საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერის კატეგორიაში. მეტროპოლ კუბისთვის კი – International Property Awards-ის ჯილდოს მფლობელები გავხდით კატეგორიაში Mixed-Use Development for Georgia.
ბათუმშივე, ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე ვაშენებთ მეტროპოლ პარალელს — მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს პანორამული ხედებით.
რაც შეეხება დედაქალაქს, თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე მეტროპოლ ბაგები, რომელიც გამწვანებული სივრცეებითა და პანორამული ხედებით გამოირჩევა. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ. გარდა ამისა, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ უბანში, ორთაჭალაში ორ მრავალსართულიან კორპუსს ვაშენებთ სარეკრეაციო ზონით, სპორტული მოედნებითა და სოციალიზაციის სივრცეებით. უნდა ვახსენო ჩვენი ფლაგმანი პროექტი ქავთარაძეზე, რომელიც 534 ბინას აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში მაცხოვრებლების კომფორტისათვის კომპლექსში გავითვალისწინეთ საბავშვო ბაღიც.

ცენტრალური უბნების პარალელურად გვაქვს პროექტი შინდისშიც, სადაც თანამედროვე ტიპის დიდი კერძო დასახლება აშენდება.
რა არის შინდისის სააგარაკე პროექტის მთავარი კონცეფცია?
შინდისის პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ორიენტირებულები ვართ, გავყვეთ ჩვენი მომხმარებლების განვითარების გზას და საცხოვრებელთან დაკავშირებით მათ ნებისმიერ სურვილს ვუპასუხოთ. კერძო სახლებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა სრულიად განსხვავებული ტიპის დასახლება, რომლის კონცეფციაც დუბაისა და აშშ-ის წამყვანი დეველოპერების პრაქტიკის გათვალისწინებით არის შემუშავებული. გვინდა, რომ ქალაქგარეთ სახლის შეძენის გამოცდილება სრულიად შევცვალოთ. აქამდე თუ ადამიანს მოუნდებოდა ქალაქგარეთ საცხოვრებლად გადასვლა, ჯერ უნდა მოეძიებინა მიწა, შემდეგ დაეპროექტებინა სახლი, დაეწყო მშენებლობა და ამ პროცესის მთელი სიმძიმე ფაქტობრივად მასზე გადადიოდა. გარდა იმისა, რომ ეს ცხოვრების თანამედროვე ტემპთან შეუთავსებელია, სხვა პრობლემაც არსებობს: შეიძლება ზუსტად ისეთი სახლი ააშენო, როგორიც წარმოგიდგენია, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ დააკმაყოფილებ ყველა იმ მოთხოვნას, რაც შეიძლება გაგაჩნდეს. ამაში ვგულისხმობ სავაჭრო ობიექტებს, კეთილმოწყობილ სივრცეებს, სათამაშო მოედნებს და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ მიწა და საცხოვრებელი ადგილი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, არამედ ყველა ის სივრცე, რაც შეიძლება დასჭირდეთ: მაღაზია, სარეკრეაციო ზონები, სურვილის შემთხვევაში აუზიც. ვზრუნავთ ყველა იმ კომპონენტზე, რომლის მოგვარებაც აქამდე კერძო სახლით დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალურად უწევდათ და ბევრად მეტზეც.
მწვანე მშენებლობის ტენდენცია მუდმივად ძლიერდება, ხოლო ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროექტების მიმართ საზოგადოების ინტერესი იზრდება. მეტროპოლი როგორ პასუხობს ამ ტენდენციას?
მეტროპოლის თითოეული პროექტი თანამედროვე მშენებლობისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება. საგანგებოდ ვარჩევთ ადგილებსაც, რომ მომხმარებელს მეტად ენერგოეფექტური შენობები შევთავაზოთ. მშენებლობებში ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის გერმანული YTONG-ის საფასადო ბლოკებს და მშენებლობის პროცესშიც სრულად მივყვებით YTONG-ის ენერგოეფექტურობის სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ჩვენი შენობები აღჭურვილია გათბობა-გაგრილების ენერგოეფექტური სისტემებით, ბუნებრივი ვენტილაციითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ატმოსფეროში მავნე აირების გამოყოფას ამცირებს.
მდგრადობის ინიციატივები ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც ისეთ ნაბიჯებში ითარგმნება, როგორებიცაა ნარჩენების შემცირების პროგრამების განხორციელება, მასალების პასუხისმგებლიანი მოპოვება, განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა, თითოეულ პროექტში მწვანე სივრცეების უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. სრულად გვაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა ჩვენი თანაინვესტორების თუ მომავალი მობინადრეების წინაშე, ამიტომ ჩვენი ყველა პროექტი არის და იქნება ენერგოეფექტური.
რა ინოვაციურ მიდგომებს იყენებთ თქვენს პროექტებზე მუშაობისას ან მომხმარებლებთან ურთიერთობისას?
ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი უახლესი ტექნოლოგიების ათვისებასა და კომპანიაში ინოვაციების ხელშეწყობისაკენ მივმართოთ. ეს აუცილებელია როგორც საოპერაციო ეფექტურობისა და მომხმარებლების კმაყოფილების გასაზრდელად, ასევე იმისთვის, რომ მომავლის გამოწვევებს მომზადებულები შევხვდეთ. ჩვენი პროექტები აღჭურვილია ჭკვიანი სახლის სისტემებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მაცხოვრებლებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის კომფორტს ვუქმნით. გარდა ამისა, დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, ბინის შეძენამდე მომავალი საცხოვრებელი სახლი ვირტუალური რეალობის სათვალეებით დაათვალიერონ და შეიგრძნონ. გვინდა, პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ინოვაციის ინტეგრირება მოვახდინოთ ჩვენს პროცესებში. საინვესტიციო პროექტების ჭრილში თანამედროვე ტექნოლოგიებს იმისთვის ვიყენებთ, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ შეძენილი ქონების მართვა. მაგალითად, აპლიკაციით შეძლონ საკუთარ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება. ხელოსნის გამოძახება, დალაგება და ასე შემდეგ.
რამდენად ახლოსაა თქვენი, როგორც კომპანიის ლიდერის ხედვა და ღირებულებები მეტროპოლის მისიასთან?
ის ღირებულებები, რომელზეც დგას მეტროპოლი: მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ, მრავალფეროვნება და რეპუტაციის შენება ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ბიზნესში მნიშვნელოვანია, რომ სულ იზრდებოდე, სწავლობდე, ეცნობოდე ახალ ტენდენციებს და მუდმივად ფიქრობდე შემდეგ ნაბიჯზე. თუ მომხმარებლის პულსზე ხელი არ გიდევს, წარმატებაზე საუბარიც ზედმეტია. ამ ნაწილში ჩემი ცნობისმოყვარეობა ძალიან მეხმარება. კიდევ ერთი პირადი თვისება, რაც კომპანიაზეც აისახება, მუდმივად შემდეგ ნაბიჯზე, განვითარების ახალ ეტაპზე ფიქრია. თითოეული წარმატებული პროექტის შემდეგ ნაცვლად შესვენებისა, ახალი ძალებით ვიწყებთ ფიქრს შემდეგ ინიციატივებზე.
როგორ უზრუნველყოფთ, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები კომპანიის ორგანიზაციული კულტურის ნაწილი იყოს?
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც კარიერის განმავლობაში შემიძენია ისაა, რომ ნებისმიერი კომპანიის შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებები მომხმარებლებისგან ნაკარნახევი გადაწყვეტილებებია. 10 წელი ვმუშაობდი საბანკო სივრცეში, შემდეგ დაახლოებით 3 წელი ჰოსპიტლების განვითარების სფეროში და ყოველთვის მჭიდრო შეხება მქონდა მომხმარებლებთან, ასე რომ, მათი თვალით პროდუქტისთვის შეხედვა გათავისებული მაქვს და იგივე კულტურას ვამკვიდრებ მეტროპოლშიც. წარმატებული ხარ მაშინ, როცა კარგად გესმის შენი მომხმარებლების. შეიძლება რაიმე მოთხოვნა დღეს ბაზარზე საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ როცა კარგად იცნობ შენს მომხმარებელს, არა მხოლოდ იმას ხვდები, რა საჭიროება აქვს მას დღეს, არამედ რა საჭიროება გაუჩნდება ხვალ. თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვითვალისწინებთ მაცხოვრებლების უკუკავშირს და ვაჯერებთ კომპანიის სტრატეგიასთან. ჩვენი გუნდის წევრებს კარგად ესმით რომ ჩვენი საქმიანობის ცენტრში ყოველთვის მომხმარებელია და გულწრფელად გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ.
და ბოლოს, უკვე განვლილი გზის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ მეტროპოლის პოზიცია საქართველოს ან საერთაშორისო ბაზარზე რამდენიმე წლის შემდეგ?
ჩვენი მიზანია, მეტროპოლი არა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის იყოს ნოვატორი კომპანია, არამედ გრძელ ვადაში გლობალურ ასპარეზზეც ანგარიშგასაწევ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, რომ მომავალში სხვა ქვეყნებშიც შევძლებთ იმ სტანდარტების დანერგვას, რომელსაც ახლა ლოკალურად ვამკვიდრებთ. მზად ვართ, პროექტები განვახორციელოთ ყველგან, სადაც ღირებულების შექმნას შევძლებთ და საქართველოს გარეთაც დავეხმაროთ ადამიანებს საკუთარი ჩაფიქრებული სახლების რეალობად ქცევაში.