საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მომზადდა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი”, რომელიც 2017 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.
წესი არაერთ სიახლეს სთავაზობს საფინანსო სექტორის მომხმარებლებს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მოქმედების არეალის გაფართოვებაა. კერძოდ, თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს (საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს).
წესში დაკონკრეტდა და დაზუსტდა სარეკლამო მასალების შემუშავების წესები, რომლებითაც საფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური პროდუქტის პირობების, განსაკუთრებით კი პროდუქტის ფასზე ინფორმაციის მაქსიმალური გამჭვირვალობა.
ხელშეკრულების ცვლილებების შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება ცვლილების შესახებ ინფორმირებისათვის მომხმარებელს შესთავაზოს მინიმუმ ერთი, მომხმარებლისათვის უფასო პერსონალური შეტყობინების არხი.
ცვლილებები შევიდა კრედიტის წინსწრებით დაფარვის წესსა და განაკვეთთან დაკავშირებით. კერძოდ: დადგინდა წინსწრებით სესხის დაფარვისას პირგასამტეხლოს სახით დაწესებული განაკვეთები და მათი ოდენობა განისაზღვრა წინსწრების მომენტიდან სესხის დაფარვამდე დარჩენილი დროის შესაბამისად. ამასთან, მაქსიმალური განაკვეთი განისაზღვრა წინსწრებით დასაფარი ნარჩენი ძირის 2%-ის ოდენობით. გარდა ამისა ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ მომხმარებლებისთვის ორი ახალი, ალტერნატიული გრაფიკის შეთავაზების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ იფარება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით.
ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ ვალდებულება, შეიმუშაონ სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი.