მსოფლიო ბანკი: 2030 წლისთვის უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის მიზნის მიღწევა შეუძლებელია

მსოფლიო ბანკი: 2030 წლისთვის უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის მიზნის მიღწევა შეუძლებელია

მსოფლიო ბანკის განცხადებით, 2030 წლისთვის უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის მიზნის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა, რაც უმეტესწილად კორონავირუსის პანდემიისა და უკრაინის ომის გლობალურ ეკონომიკაზე გავლენის შედეგია. ახალი ანგარიშის თანახმად, სურსათისა და ენერგიის მზარდმა ფასებმა პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესზეც იმოქმედა.

მსოფლიო ბანკი სიღარიბის შემცირების ტემპის შენელებას მიმდინარე წელსაც ვარაუდობს. მთავარი მიზეზები უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ჩინეთის ეკონომიკის შენელება და მზარდი ინფლაციაა. „არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, 574 მილიონ ადამიანს (მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7%), უმეტესწილად აფრიკაში, 2030 წელს კვლავ დღეში $2.15-ზე ნაკლებით მოუწევს ცხოვრება“, – ნათქვამია „სიღარიბისა და საერთო კეთილდღეობის“ ანგარიშში.

განცხადებაში, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დევიდ მალპასი პოლიტიკის ძირეული ცვლილების მოთხოვნით გამოვიდა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის აღმოფხვრის მცდელობებს. მალპასმა უკიდურესი სიღარიბის ზრდის მიზეზად ინფლაცია, ვალუტის გაუფასურება და უფრო ფართო კრიზისები დაასახელა.

მსოფლიო ბანკის მოწოდებით, კურსის შესაცვლელად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და გრძელვადიან ზრდაზე ფოკუსირებაა აუცილებელი.