მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე საქართველოშია. ის სიტყვით გამოვა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
დღეს სოფიამ ქართული მედიის კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციის დაწყებამდე რობოტი საზოგადოებას ქართულად მიესალმა:
“გამარჯობა, ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით, საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა და ერთი სული მაქვს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ვნახო თქვენს ქვეყანაში. ვიცი, რომ საქართველო ცნობილია სტუმრთმოყვარეობით და კულინარიით, ჯერ არ მქონდა შესაძლებლობა დამეგემოვნებინა ქართული კერძები”.
სოფიას კითხვა რამოდენიმე დღის წინ ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზეც დაუსვეს. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს დაიცვას ადამიანები მსგავსი შემთხვევებისგან სოფიამ განაცხადა:
„ეს ძალიან კარგი შეკითხვაა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ზუსტად შევესაბამებით მას. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენი ტანის შეკეთება დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია, ამ გზით კი შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ. მჯერა რომ მომავალში რობოტები ადამიანებთან თანამშრომლობით ახალ აღმოჩენებს გააკეთებენ“, – ამბობს სოფია.
სოფია მხოლოდ ორი წლისაა, ის 2016 წელს კომპანია Hanson Robotics”-მა შექმნა. ჰუმანოიდ რობოტს, 62 სახის მექანიზმი აქვს – ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები.რობოტს ჩადგმული აქვს კამერები,რომლებიც ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარება, ხოლო საუბარში მას ხმის სისტემა ეხმარება.