სინგაპური, ერთ-ერთი პირველი ქალაქი აზიაში, რომელმაც პანდემიის შემდეგ საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, მდიდრებისთვის პოპულარულ მიმართულებად და მილიარდერთათვის წამყვან გლობალურ ჰაბად იქცა. შედეგად ქალაქმა, Julius Baer-ის Lifestyle Index-ის რეიტინგში, 2022 წლის მეხუთე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა და პირველად, მდიდრული ცხოვრებისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქი გახდა.
მოხსენების თანახმად, 2022 წლის ბოლოსთვის, სინგაპურში, წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი, დაახლოებით 1,500 საოჯახო ოფისი აღირიცხებოდა. გარდა ამისა, სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქიცაა ავტომობილების ღირებულებით. მოხსენების შეფასებით, „მაღალი ცხოვრების სტანდარტი და ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე მზარდი მოთხოვნა ნიშნავს, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იაფი არაა – ქალაქში ძალიან მაღალი მოთხოვნაა საცხოვრებელ საკუთრებაზე, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 109%-ით ძვირია“.
Julius Baer-ის Lifestyle Index-ი მსოფლიოს 25 ყველაზე ძვირი ქალაქის რეიტინგს რამდენიმე ძირითადი ინდიკატორის ანალიზის საფუძველზე ადგენს, ესენია: საცხოვრებელი საკუთრება, მანქანები, ბიზნესკლასის ფრენები, ბიზნესსკოლები და სხვა ფუფუნების საგნები. ზედიზედ მეოთხე წელია, მდიდრული ცხოვრებისთვის, ყველაზე ძვირი რეგიონის ტიტულს აზია ინარჩუნებს. Julius Baer-ის ანგარიშმა ის პირები გამოიკვლია, რომელთა საბანკო საყოფაცხოვრებო აქტივები $1 მილიონს ან მეტს უდრის.
სინგაპურთან ერთად კი მიმდინარე წელს რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა ნიუ-იორკიც, რომელმაც მე-11 პოზიციიდან მეხუთეზე გადაინაცვლა. რეიტინგში ნიუ-იორკის დაწინაურება პანდემიიდან აღდგენამ და დოლარის გამყარებამ განაპირობა.
ხუთეულის კიდევ ერთი წევრი, ლონდონი, მეორე პოზიციიდან მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რაც, Julius Baer-ის შეფასებით, ბრექსიტისა და მისი შემდგომი არეულობის დამსახურებაა, პარალელურად კი, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქს მზარდი ფინანსური ცენტრებისგან, როგორიცაა დუბაი და სინგაპური, ძლიერი კონკურენცია ემუქრება.
საინტერესოა ისიც, რომ ანგარიშის ისტორიაში პირველად, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა, საცხოვრებლად ყველაზე ხელმისაწვდომ რეგიონებად დასახელდა. პირველად მოხვდა ათეულში დუბაიც, მას შემდეგ რაც, ციურიხმა მე-14 პოზიციაზე გადაინაცვლა. კვლევის თანახმად, პანდემიის შემდეგ მოგზაურობასა და გართობაზე მოთხოვნა, ხოლო ძვირად ღირებულ საქონელზე ფასები იზრდება – მაგალითად, 2018 წლის მოსავლის Château Lafite Rothschild-სა და ვისკიზე ფასები, შესაბამისად, 17.2%-ითა და 16.2%-ით გაიზარდა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები მდიდრული ცხოვრებისთვის:
- სინგაპური, სინგაპური
- შანხაი, ჩინეთი
- ჰონგ–კონგი, ჩინეთი
- ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
- ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
- მონაკო, მონაკო
- დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ტაიპეი, ტაივანი
- სან-პაულუ, ბრაზილია
- მაიამი, ამერიკის შეერთებული შტატები