დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე შეცვლის.
ამ დრომდე რუტეს დანიშვნას მხოლოდ რუმინეთი ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა წარდგენილი. თუმცა ნატოს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს დაუდასტურეს, რომ კლაუს იოჰანისმა, რუმინეთის პრეზიდენტმა, თავისი კანდიდატურა მოხსნა. ამჟამინდელი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება 1 ოქტომბერს იწურება.
რუტი, სავარაუდოდ, ახალ თანამდებობას 2 ოქტომბერს დაიკავებს. შედეგად კი, ნიდერლანდების მოქმედი პრემიერი მემკვიდრეობით მიიღებს ალიანსს, რომელიც იბრძვის საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვას რუსეთის წინააღმდეგ.
თავად რუტე, რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან, უკრაინის მხარდამჭერი იყო. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მისი ლიდერობის პერიოდში, ნატოს თავდაცვაზე ნიდერლანდების მიერ დახარჯული ბიუჯეტი ხშირად, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლები იყო.
კრიტიკოსთა ნაწილი იმ ფაქტითაც აპელირებს, რომ რუტე 2014 წელს, რუსეთის სათხილამურო კურორტ სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებსაც დაესწრო. სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთის ტანკები ყირიმში შევიდა.
თუმცა, როგორც CNN-ის სტატიაში ვკითხულობთ, რუტე, რომელიც ზომიერი ლიბერალია, კარგი კანდიდატურა იქნება ალიანსისთვის, განსაკუთრებით მომდევნო არასტაბილური ხუთი წლიდან და აშშ-ში ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობიდან გამომდინარე.
რუტეს არჩევის შემდეგად, ნატოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერა იქნება. ალიანსის წევრები ომში მყოფ ქვეყანას იარაღითა და სხვა საჭირო მასალით უკვე ამარაგებენ და წვრთნებშიც ეხმარებიან. გარდა ამისა, ნატომ უკრაინას უფლებაც მისცა, ალიანსის იარაღით ხარკოვთან რუსულ სამიზნეებზე შეტევა მიეტანა. ამასთან ერთად კი უკრაინა ნატოში გაწევრიანებასაც ცდილობს.
უკრაინასთან ერთად, მთავარ საკითხებს შორის იქნება ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება. მათ შორის ალიანსის წევრებმა მეტი ფული გამოყონ ნატოს თავდაცვის ხარჯებისთვის. ამას ემატება აშშ-ში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები და ტრამპის ხელახლა არჩევის შესაძლებლობაც. ტრამპი წლებია, ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვაზე მათი დანახარჯის გამო აკრიტიკებს.