“ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $47-ს გადააჭარბა. აღნიშნული ფასი ყველაზე მაღალია მარტის შემდეგ, როდესაც OPEC-მა მიიღო გადაწყვეტილება შეეზღუდა საწვავის წარმოების მოცულობა. WTI-ს ტიპის ნავთობის ფასმა კი $45-ს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო, ნავთობზე მოთხოვნა დაეცა, რამაც გამოიწვია ე.წ შავ ოქროზე ფასის მკვეთრი ვარდნა. ამიტომაც $47 ბარელზე გაზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ბოლოდროინდელი პოზიტიური ამბები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ვაქცინაზე მომუშავე რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ მათი ვაქცინა ეფექტურია. კერძოდ, Moderna-მ ვაქცინის 94.5%-იანი ეფექტურობის შესახებ განაცხადა, Pfizer-მა და BioNTech-მა 95%-იანი ეფექტურობის შესახებ, ხოლო AstraZeneca-მ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა 70%-იანი ეფექტურობის შესახებ. ვაქცინაზე პოზიტიური ცნობები იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიო ნელ-ნელა დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას, დაიწყებს ეკონომიკები აღდგენას, აღდგება ტრანსპორტი, გადაადგილება, მოგზაურობა, რაც თავისთავად გაზრდის საწვავზე მოთხოვნას.
ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის ზრდის მეორე მიზეზად აზიაში მოხმარების ზრდას ასახელებენ. როგორც Bloomberg-ი წერს, აზიის ქვეყნების ეკონომიკები უფრო სწრაფ აღდგენას ახერხებენ, ვიდრე სხვები. ამასთან, ჩინეთში ავიარეისების აღდგენის პროცესი შეინიშნება, შესაბამისად იზრდება თვითმფრინავის საწვავზე მოთხოვნა.