ვირუსთან მებრძოლი

ვირუსთან მებრძოლი

ელის ჟანგის “ნაგავგამტარის“ უჯრედოვანი კვლევა შესაძლოა, მალე დაეხმაროს ადამიანებს ყოველგვარ ვირუსულ ინფექციასთან გამკლავებაში, მათ შორის… ხვდებით ალბათ, რომელ ვირუსსაც ვგულისხმობთ.  

[MAINPICTURE]

პესიმისტური ამბით დავიწყოთ: იმ ვირუსებისთვის, რომლებიც ისეთ დაავადებებს იწვევენ, როგორიც ებოლა, SARS-ი და კოვიდ- 19-ია, ჯერჯერობით არა გვაქვს არაფერი ისეთი, რაც პენიცილინივით იმუშავებდა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკივით, რომელიც ათობით ბაქტერიულ შტამს ანადგურებს… იმ შტამებსაც კი, ჯერაც რომ არ აღმოგვიჩენია. ვირუსებისთვის რაღაც მსგავსის პოვნა, ათწლეულებია, მედიკამენტურ კვლევათა გრაალის თასად არის ქცეული.

მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა, მალე შეიცვალოს ელის ჟანგის წყალობით, რომელიც 2017-ის Forbes-ის სამეცნიერო 30 30-წლამდელის წარმომადგენელია. მის კომპანიას, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ Verge Genomics-ს, წლები აქვს გატარებული ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (აგს) სამკურნალო საშუალებაზე მუშაობაში, ამ გამანადგურებელი ნევროლოგიური მდგომარეობისა, რომელიც ლუ გერიგის დაავადების სახელითაც არის ცნობილი. როგორც ირკვევა, ჟანგის აგს-ის წამლის ვარიაციები შეიძლება, კოვიდ 19-ის წინააღმდეგაც ეფექტიანი იყოს… და სხვა ვირუსებთან საბრძოლველადაც.

“ეს მნიშვნელოვანია, – ამბობს ჟანგი, – იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება წამლების მარაგი, რათა პრევენციული ზომები მივიღოთ ზუსტად ისეთ სიტუაციებში, როგორშიც ახლა ვართ“.

Verge-ის წამლის კანდიდატის რამდენიმე ვარიაციამ “საკმაოდ მაღალი ეფექტიანობა აჩვენა“ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, როგორც ეს Massachusetts Consortium on Pathogen Readiness-ის მიერ ჩატარებულ ცდებში გამოჩნდა“, ამბობს კვლევითი ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დოქტორი მარკ ნამჩუკი.

ასეა თუ ისე, ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: ის, რაც ლაბორატორიაში მუშაობს, ყოველთვის როდი მუშაობს ადამიანის ორგანიზმში. მედიკამენტების პერსპექტიულ კანდიდატთა 10%-ზე ნაკლები თუ ხვდება ბაზარზე და დაახლოებით იგივეა წარმატების მაჩვენებელი იმ წამლებისთვის, რომელთა გამოყენებასაც ახალი მიზნებისთვის ვცდილობთ.

Verge-ის წამალი უჯრედებში “ნაგავგამტარს“ აღადგენს, რომელიც ნარჩენების გადამუშავებას ახდენს. აგს-ის მსგავსი დაავადებების შემთხვევაში, ჟანგის თქმით, ნერვულ სისტემაში ეს პროცესი “არეულ-დარეულად მიმდინარეობს“, მაგრამ მას ვირუსებიც იყენებენ უჯრედების დასაპყრობად და დასაინფიცირებლად. “ნაგავგამტარის“ მიზანში ამოღება ვირუსებს მასში შეღწევისგან აკავებს, რითაც, თავის მხრივ, ინფექციის შეჩერება ხდება.

ჟანგის მომდევნო ნაბიჯი უფრო მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიასთან პარტნიორობას მოიცავს, რათა კლინიკური ცდები დაიწყონ, რაც, სავარაუდოდ, 2021-ის დასაწყისიდან მოხდება. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ამბობს ჟანგი, შედეგად, შესაძლოა, “მომავლის ვირუსული აფეთქებების საწინააღმდეგო წამყვანი თავდაცვის საშუალება“ მივიღოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *