აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნენსი პელოსი კონგრესის 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 83 წლის პელოსი პირველად სან-ფრანცისკოში 1987 წელს აირჩიეს, შემდგომ კი, ორი ვადით, 2007-2011 წლებსა და 2019-2023 წლებში, სპიკერად მსახურობდა.
დემოკრატთა ყოფილმა ლიდერმა მომდევნო ნოემბერს გასამართ არჩევნებში მონაწილეობა თავადვე დააანონსა. „ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამერიკა, რომელიც დაანახებს მსოფლიოს, რომ ჩვენი დროშა, ყველას მიმართ სამართლიანობითა და თავისუფლებით, კვლავ აქ არის. სწორედ ამიტომ, მე ვგეგმავ არჩევნებში მონაწილეობას და პატივისცემით გთხოვთ მხარდაჭერას“, – ვკითხულობთ პელოსის მიერ X-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში.
პელოსი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებდა. მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს მიეკუთვნება პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ჯანდაცვის კანონმდებლობის, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ინფრასტრუქტურისა და კლიმატის ცვლილებების კანონმდებლობის მიღება.
შეგახსენებთ, რომ ნენსი პელოსიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა ლიდერის თანამდებობა გასულ წელს, რესპუბლიკელთა მიერ უმრავლესობის მოპოვების შემდეგ დატოვა და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ გეგმავდა. ამჟამად რესპუბლიკელები 222-212 უმრავლესობით პალატას აკონტროლებენ, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის მეორე ვადით კენჭისყრა დემოკრატებს ძალაუფლების უკან დაბრუნების იმედს უტოვებს.