კომპანია NEQSOL ჰოლდინგი, რომელმაც “კავკასუს ონლაინის” მფლობელ კომპანიაში 49%-იანი წილი გასულ წელს შეიძინა, საქართველოს კომუნიკაციების კომისიასთან ბოლოდროინდელი ურთიერთობის ახალ დეტალებზე საუბრობს.
კომპანიას კომუნიკაციების კომისიის მიერ 20 სექტემბრამდე ჰქონდა მიცემული ვადა, რათა სადავო გარიგება შებრუნებულიყო და “კავკასუს ონლაინის” წილები პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებულიყო. Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში, NEQSOL ჰოლდინგის სტრაგეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი ახალ შეთავაზებაზე საუბრობს, რომელიც არსებულ დავაში კომპანიას საკუთარი ინვესტიციის დაცვის შესაძლებლობას მისცემს.
– იმის გათვალისწინებით, რომ აგვისტოში კომუნიკაციების კომისია საკმაოდ აქტიური იყო და მათ განცხადება გამოაქვეყნეს, ვგულისხმობ გადაწყვეტილებას, რომელიც თარიღდება 20 სექტემბრით, მსურს, გკითხოთ NEQSOL-ისა და კომუნიკაციების კომისიის ბოლოდროინდელი ურთიერთობების დეტალებზე – რა მდგარეობაა ახლა? რა პოზიცია აქვს NEQSOL ჰოლდინგს დღეს?
– დასვენების პერიოდის მიუხედავად, ბევრი სიახლე გვაქვს. იურიდიულ დეტალებს არ ჩავუღრმავდები. საქმე იმაშია, რომ უკვე მოვამზადეთ შეთავაზება, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს ჩვენი ინვესტიციების დასაცავად. მიგვაჩნია, რომ ეს შეთავაზება დააკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნებსაც.
– გულისხმობთ იმას, რომ ეს შეთავაზება კომუნიკაციების კომისიას უკვე გადაეცა?
– დიახ, ჩვენ კომუნიკაციების კომისიას რამდენიმე იდეა მივაწოდეთ და ველოდებით მათ გამოხმაურებას. ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარისთვის გამოსადეგ გამოსავალს მივაგნებთ. კიდევ ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი, გლობალური ეკონომიკური ფორუმის მიერ შერჩეულ საუკეთესო ინფრასტრუქტურული პროექტების ხუთეულში მოხვდა. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ეს პროექტი უფრო და უფრო მეტ გლობალურ პოტენციალს მოიზიდავს და დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწევს.
– აგვისტოში, კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ციფრული აბრეშუმის გზაზე. როგორია თქვენი მოსაზრება ამ ვიდეოზე და რა პოზიცია აქვს NEQSOL ჰოლდინგს?
– ძალიან საინტერესო ვიდეოა, თუმცა, ჩემთვის ეს ერთგვარი სიურპრიზია – კომუნიკაციების კომისიის მიერ წარდგენილი იდეა ემთხვევა ჩვენს პროექტს, რადგან საქართველოში ციფრული ჰაბის შექმნის იდეა სრულყოფილად ემყარება ციფრული აბრეშუმის გზის იდეას. მე მიმაჩნია, რომ ეს ერთგვარი გაუგებრობაა. ამ იდეის მხარდასაჭერად, კომუნიკაციების კომისიას შეუძლია სწორედ „ნექსოლ ჰოლდინგში“ მოიძიოს ინვესტორი, რადგან მზად ვართ, ინვესტიცია ჩავდოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, როგორც საქართველოში, ასევე კასპიის ზღვაში. გვჯერა, რომ ჩვენს რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს, გახდეს ციფრული ჰაბი. როგორც ახლა ვხედავთ, ციფრული აბრეშუმის გზის იდეა სულ უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს. ამ კვირაში ვაპირებთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციას გლობალური სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ფორუმზე აშშ–ში. ეს არის ერთ–ერთი მთავარი ღონისძიება ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც ორგანიზებულია ნორმან ანდერსონის მიერ. ის აშშ–ს წამყვანი გადამწყვეტილების მიმღები პირია სტრატეგიული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს შესაფერისი დროა ამ პროექტების განხორციელებისთვის. საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით – კომუნიკაციების კომისიასთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც “კავკასუსითვის” მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. კომისიის მიერ NEQSOL-ისთვის სადავო ტრანზაქციის შესაცვლელად მიცემული ვადა გუშინ, 20 სექტემბერს ამოიწურა.
NEQSOL Holding-ი აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის შემადგენლობაში შედის ქვეყნის უმსხვილესი მობილური ოპერატორის – BakCell-ისა და AzerTelecom-ის 100%-იანი წილი. ამასთანავე, კომპანია უკრაინის წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიის Vodafone Ukraine-ის მფლობელიცაა, რომელსაც 20 მილიონი აბონენტი ჰყავს.