კარლოს გონი, Nissan-ის ყოფილი ხელმძღვანელი ავტომწარმოებელს უჩივის და $1 მილიარდის კომპენსაციას ითხოვს. ლიბანში, 18 მაისს შეტანილი სარჩელის თანახმად, Nissan-ი ცილისწამებაში, რეპუტაციის შელახვასა და მატერიალური მტკიცებულებების გაყალბებაშია დადანაშაულებული.
გონი იაპონიაში 2018 წლის ბოლოს, ფინანსური გადაცდომის ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენს შემოსავლების არასრულყოფილ ანგარიშგებაში, ნდობის ბოროტად გამოყენებასა და კომპანიის ფინანსური სახსრების მითვისებაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთმა გონის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერი გასულ წელს გასცა.
გონი 2019 წლის დეკემბერში, Nissan-ის საქმესთან დაკავშირებით 12 პირის დაკავების შემდგომ ლიბანში გაიქცა, სადაც იგი აღიზარდა. სწორედ ლიბანში შეიტანა ბიზნესმენმა იაპონური ავტომწარმოებლის წინააღმდეგ სარჩელი. წყაროს ცნობით, პროკურორმა საქმის წარმოების დასაწყებად სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს დანიშნა. Nissan-ის სპიკერის განცხადებით, იაპონური კომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.
გონი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაკავება, გაერთიანების შესაჩერებლად, Nissan-ის აღმასრულებლების შეთქმულების ნაწილია. ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ომანში დაფუძნებული ავტომობილების დისტრიბუტორის, Suhail Bahwan Automobiles-ის მეშვეობით, Renault-დან თანხის გატანა და მისი პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება ედება ბრალად.
Renault-ში მუშაობის პროცესში, გონი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ ფრანგულ ავტომწარმოებელსა და იაპონურ Nissan-ს შორის გაფორმებული ალიანსისთვის. გონი Nissan-ის პრეზიდენტად 2000 წელს, ხოლო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად 2001 წელს დაინიშნა. პარტნიორობას 2017 წელს Mitsubishi შეემატა, რის შედეგადაც, გონი დაკავებამდე Renault-Nissan-Mitsubishi-ის ალიანსის თავმჯდომარისა და CEO-ს თანამდებობას იკავებდა.