Nvidia-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანია ჰიუსტონსა და დალასში სუპერკომპიუტერების ორ ახალ საწარმოს ააშენებს. მისივე ინფორმაციით, ტექგიგანტი ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერებს სრულად აშშ-ში აწარმოებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკული Nvidia ტაივანურ Foxconn-თან და Wistron-თან ითანამშრომლებს. კომპანიის განმარტებით, აშშ-ის ქარხნებში სუპერკომპიუტერების წარმოება 12-15 თვეში დაიწყება. გარდა ამისა, Nvidia-მ აღნიშნა, რომ ის ფენიქსში, TSMC-ის ქარხანაში, ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილ Blackwell-ის ჩიპებს უკვე აწარმოებს. შესაბამისად, კომპანიას აშშ-ში AI-ჩიპების წარმოების გამოცდილება აქამდეც ჰქონია.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ამ ინიციატივის ფარგლებში მომდევნო ათი წლის განმავლობაში Nvidia ქვეყნის ეკონომიკისთვის ათასეულობით სამუშაო ადგილსა და ტრილიონობით დოლარის სიმდიდრეს შექმნის.
Nvidia-ს აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. მადმინისტრაციის თქმით, ეს პრეზიდენტის მიერ წარმოების სამშობლოში დაბრუნებისათვის გაწეული ძალისხმევის ერთ-ერთი პირველი შედეგია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა აშშ-ში ნახევარგამტარების იმპორტი სატარიფო გამონაკლისების სიაში შეიყვანა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ეს ცვლილება დროებითია. დონალდ ტრამპი ჩიპებისა და ნახევარგამტარების აშშ-ის ტერიტორიაზე წარმოებას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესად მიიჩნევს. შესაბამისად, სატარიფო პოლიტიკით ჩიპების წარმოების აშშ-ში გადატანა სურს.