ფოტო: Getty Images
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ, Nvidia-მ, 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ნახევარგამტარების მწარმოებლის მიერ დაფიქსირებულმა შედეგებმა ანალიტიკოსთა მოლოდინს თითქმის ყველა კრიტერიუმში გადააჭარბა.
კერძოდ, Nvidia-ს Q1-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა რეკორდული $81.62 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-იან ზრდაა. პირველი კვარტალის პროგნოზირებული შემოსავალი $78.86 მილიარდი იყო. ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა კომპანიის შემოსავალმა ერთ აქციაზეც (EPS) და $1.76-ის ნაცვლად $1.87 შეადგინა.
მაღალშემოსავლიანი კვარტალის ფონზე, Nvidia-მ საკუთარი აქციების გამოსყიდვის ახალი, $80-მილიონიანი გეგმა დააანონსა. გარდა ამისა, ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია ერთ აქციაზე დივიდენდს $0.01-დან $0.25-მდე გაზრდის.
რეკორდული კვარტალის შემდეგ, კომპანიამ მეორე მეოთხედის პროგნოზიც შეცვალა და მეორე კვარტალის პროგნოზირებული შემოსავალი $89.2 მილიარდიდან $92.8 მილიარდამდე გაზარდა.
საერთო ჯამში, ბოლო სამი წლის განმავლობაში Nvidia-ს შემოსავლები +1,035%-ით გაიზარდა.
Nvidia-მ რეკორდული შემოსავლების დაფიქსირება აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობის ფონზე შეძლო. ჩინეთში ამერიკული ჩიპების ექსპორტი მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. აშშ-ის მიერ საექსპორტო კონტროლზე შეზღუდვების დაწესებამდე Nvidia ჩინეთის მოწინა ტექნოლოგიის მქონე ჩიპების ბაზრის 95%-ს ფლობდა. შეზღუდვებამდე ჩინეთი კომპანიის შემოსავლების 13%-ზე იყო პასუხისმგებელი.
















