NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს უახლოვდება

NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს უახლოვდება

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს უახლოვდება. პოზიტიური ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, კომპანიის აქციები ერთ დღეში თითქმის 25%-ით გაიზარდა. NVIDIA-ს შემოსავლების ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმის გალენით, ჩიპებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.

ოთხშაბათს, ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროების შემდგომ, NVIDIA-ს საბაზრო ღირებულება $170 მილიარდით გაიზარდა და $950 მილიარდს გაუტოლდა. გასულ კვარტალში, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალმა $11 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსთა პროგნოზს 50%-ით აღემატება. ცნობისთვის, ანალიტიკოსთა შეფასებებს კომპანიამ პირველი კვარტლის $7.19-მილიარდიანი შემოსავლითაც გადააჭარბა.

საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის შედეგად, გრაფიკული და ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი NVIDIA, ამჟამად მსოფლიოში მეექვსე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ NVIDIA-ს შემოსავლების ზრდის პარალელურად, 25%-ით გაიზარდა კომპანიის დამფუძნებლის ჯენსენ ჰუანგის ქონება და $34 მილიარდს გადააჭარბა. განახლებული მონაცემებით, ჰუანგი Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 36-ე პოზიციას იკავებს.

შესაბამისად, სულ მალე, NVIDIA შესაძლოა $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების „ელიტარულ ჯგუფში“ ვიხილოთ. ამჟამად, მსოფლიო ბაზარზე არსებული კომპანიებიდან, მხოლოდ ხუთი მათგანის საბაზრო მოცულობა აღემატება ტრილიონ დოლარიან ნიშნულს. ეს კომპანიებია: Apple ($2.7 ტრილიონი), Microsoft-ი ($2.4 ტრილიონი), Saudi Aramco ($2 ტრილიონი), Alphabet-ი ($1.6 ტრილიონი) და Amazon-ი ($1.2 ტრილიონი).