NYT: უკრაინას კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვაში აშშ-სგან მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარა

NYT: უკრაინას კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვაში აშშ-სგან მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარა

New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსული კრეისერის, „მოსკოვის“ ჩაძირვაში წვლილი აშშ-საც მიუძღვის. გამოცემის ცნობით, ამერიკიდან მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის დახმარებით კრეისერის ადგილმდებარეობის განსაზღვრა მოხერხდა.

როგორც NYT იუწყება, გამოცემას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა. მათი თქმით, უკრაინელებმა ამერიკელებს ოდესის სამხრეთით მცურავი გემის იდენტიფიცირება სთხოვეს. ამერიკელებმა კი მათ „მოსკოვის“ იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა დაუდასტურეს. პირთა ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიიტანეს იერიში კრეისერზე ორი რაკეტით.

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ პენტაგონის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ აშშ-მა უკრაინელებს მონაცემები მიაწოდა, რომელიც მათ რუსი გენერლების დახოცვაში დაეხმარა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია პენტაგონის პრეს-სპიკერმა, ჯონ კირბიმ უარყო.

ამის მსგავსად, პენტაგონმა NYT-ის მიერ გავრცელებული ზემოხსენებული განცხადებაც უარყო. „ჩვენ არ მიგვიწოდებია უკრაინისათვის რაიმე კონკრეტული სამიზნე ინფორმაცია „მოსკოვის“ შესახებ. ასევე, არ ვიყავით ჩართულები უკრაინელების მიერ კრეისერზე თავდასხმის გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *