ოჰაიოში მეგაქარხნის აშენებისთვის Intel-ი $2.1 მილიარდის სუბსიდიებს მიიღებს

ოჰაიოში მეგაქარხნის აშენებისთვის Intel-ი $2.1 მილიარდის სუბსიდიებს მიიღებს

მას მერე, რაც გასულ კვირას Intel-მა წარმოების გაფართოებისა და შტატ ოჰაიოში $20-მილიარდიანი მეგაქარხნის აშენების შესახებ განაცხადა, ცნობილი გახდა, რომ ამისთვის, მიკროჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ოჰაიოს ხელისუფლებისა და შტატის ეკონომიკური განვითარების ფონდისგან $2.1 მილიარდის მოცულობის სუბსიდიებს მიიღებს.

თუმცა ეს ყველაფერი როდია – მას მერე, რაც Intel-ი მეგაქარხანას ააშენებს, რეკორდულად მაღალი საგადასახადო შეღავათებით კომპანიის მიერ მისაღები სუბსიდიების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

Intel-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, პეტ გელსინგერის თქმით, ოჰაიოში მდებარე ეს ადგილი სილიკონის მიკროჩიპების წარმოების უდიდეს ცენტრად იქცევა, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას საკუთარი ქარხნის გაფართოება და გარშემო არსებული დამატებითი 800 ჰექტრის ფართობის მიწის ნაკვეთების ათვისება შეუძლია.

ცნობისთვის, ტექნოლოგიურ კომუნაში პეტ გელსინგერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც „სილიკონის ველის“ შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა – ახლა კი მას „სილიკონის ცენტრის“ შექმნა სურს. აღსანიშნავია, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში Intel-ი ამ ადგილში $100 მილიარდის დაბანდებას აპირებს, ხოლო $100 მილიონს ადგილობრივ უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან და ფონდებთან თანამშრომლობისთვის გამოყოფს.

აღსანიშნავია, რომ Intel-ის ამ წამოწყებას, რომელიც შტატის ისტორიაში უმსხვილესი კერძო ინვესტიციაა, ოჰაიოს ხელისუფლება მეგაპროექტს უწოდებს, რომელმაც ოჰაიოს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *