ფაჩულიას ახალი სიმაღლე

ფაჩულიას ახალი სიმაღლე

NBA-ში კარიერის საშუალო ხანგრძლივობა 4.8 წელია. ზაზა ფაჩულია უკვე 12 წელია, უელიტარულეს ლიგაში თამაშობს და მისდამი მოლოდინი მხოლოდ იზრდება, ისევე როგორც მისი ანაზღაურება. სეზონში $5.2-მილიონიანი კონტრაქტით იგი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტსმენია, მაგრამ ეს მხოლოდ მოთელვაა.

ივნისის მიწურულს NBA-ის პლეიოფები დასასრულს უახლოვდებოდა. საკალათბურთო ისტორიის დაწერას ამერიკულ ტელეარხებზე საკალათბურთო ისტერიის დაწყება მოჰყვა, თუმცა მხოლოდ ტელეარხებზე რატომ – როდესაც Golden State Warriors-მა თავისი პირველი ტიტული მოიგო 1975 წლის შემდეგ, Twitter-ზე ტელევიზიის შესახებ გაკეთებული პოსტების 41% NBA-ის ეხებოდა. ერთი კვირის განმავლობაში ფინალში დამარცხებული გუნდის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი, 651-ათასჯერ ახსენეს. მომდევნო კვირების განმავლობაში ქართულ მედიას ლებრონი ნაკლებად აღელვებდა. უფრო მისი ყოფილი თანაგუნდელი – ზაზა ფაჩულია, რომელიც Dallas Mavericks-ში გადავიდა სათამაშოდ Milwaukee Bucks-იდან, სადაც უკანასკნელი ორი სეზონი გაატარა.

“წლევანდელი წელი ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო“, – მითხრა მან სამიოდე თვის წინ, ჯერ კიდევ Bucks-ში მყოფმა, როდესაც წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მის სასტუმროში ვსტუმრობდი. ეს ჩემი პირველი ახლო შეხვედრა იყო ზაზა ფაჩულიასთან და, ზოგადად, NBA-ის მოთამაშესთან, შესაბამისად, ცხოვრებაში პირველად მომიწია ადამიანისთვის თვალებში შესახედად კისრის 45 გრადუსით მოღრეცა. სანამ დაპირქვავებული გონებიდან გადმოყრილ შთაბეჭდილებებს ვკრეფდი და ვახარისხებდი, ზაზა ფაჩულია საქმეზე საუბარს განაგრძობდა: “სტატისტიკით უკეთესი წლები მქონია ატლანტაში, უკეთესი ქულები, უფრო მეტი მოხსნები და ა.შ. მაგრამ წლევანდელი წელი მაინც უფრო ნაყოფიერად მიმაჩნია: მწვრთნელიც მენდობოდა, სისტემაც ისე იყო აწყობილი, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი გამხსნელი, ასე ვთქვათ, გუნდის გასაღები… ამიტომ, ბუნებრივია, მიმდინარე წელს საუკეთესოდ ვთვლი“.

ზაზა ფაჩულიას კარიერის ზენიტი ემთხვევა ამერიკის საკალათბურთო ინდუსტრიის აღმასვლას და მისი ერთ-ერთი გუნდის ტურბულენტურ ზონაში შესვლას, რისი ვიბრაციაც ძალაუნებურად ფაჩულიამაც იგრძნო. ოქტომბერში ლიგამ ნაციონალურ მედიასაშუალებებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა. Walt Disney-სა (ESPN / ABC) და Time Warner-თან (TNT) გარიგება 2016-17 საკალათბურთო სეზონის დაწყებისთანავე შევა ძალაში და მისი ფასი სამჯერ აღემატება მიმდინარე ღირებულებას. შედეგად მივიღეთ ის, რომ NBA-ის საშუალო გუნდი $1,1 მილიარდი ღირს, რაც 74%-ით მეტია შარშანდელ შეფასებაზე, ხოლო ხუთი წლის წინანდელზე – სამჯერ. შესაბამისად, გაიზარდა გუნდების საოპერაციო კაპიტალიც. თუმცა, მოგეხსენებათ, ახალ ფულს ახალი პრობლემის გაჩენაც ისევე შეუძლია, როგორც ძველის მოგვარება.

7 ივლისს სწორედ ეს მოხდა. სამშაბათს Dallas Maverick-ს ჰყავდა ძირითადი შემადგენლობის ცენტრი, დეანდრე ჯორდანი, ოთხშაბათს კი აღარ ჰყავდა. ამან გუნდი სპორტული გამოშვებების მთავარ თემად აქცია. აღმოჩნდა, რომ ჯორდანმა Mavericks-თან დადებული სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია და Los Angeles Clippers-ში დაბრუნდა სათამაშოდ უფრო სარფიანი კონტრაქტით. Mavericks-ს სწრაფად უნდა ემოქმედა. ხუთშაბათს ჯორდანის ადგილი ფაჩულიამ დაიკავა. სეზონში $5.2 მილიონის სანაცვლოდ ფაჩულია, სამი სეზონის განმავლობაში, დალასის ფორვარდთან, დირკ ნოვიცკისთან ტანდემში ითამაშებს. მერე ვნახოთ.

მისი შეფასება ბოლო სეზონის გამორჩეული წარმატებულობის შესახებ ჰაერიდან მოტანილი არაა. ESPN-ის real plus/ minus რეიტინგში, რომელიც მოთამაშის მხრიდან გუნდურ თამაშს ზომავს, ფაჩულიამ ცენტრებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. ამ მონაცემით მან დეანდრე ჯორდანსაც გადაუსწრო და ტაისონ ჩენდლერსაც, რომელიც ჯორდანს უნდა ჩაენაცვლებინა. სპორტის ექსპერტები ინდივიდუალურად ფაჩულიას ზემოჩამოთვლილ ორზე მაღლა არ დააყენებენ, მაგრამ კალათბურთი გუნდური თამაშია, რეიტინგი კი მოედანზე მყოფი მოთამაშის თამაშზე გავლენას ზომავს.

სკანდალის შემდეგ დალასელების მიმართ ყურადღება გაასკეცდება. როდესაც გუნდმა ფაჩულიასთან კონტრაქტი გააფორმა, გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ თავის გამოჩენის ისეთი შანსი, როგორიც მას Mavericks-ში ეძლევა, კარიერის დასაწყისის შემდეგ არ ჰქონია, როდესაც 21 წლის იყო და Atlanta Hawks-ისთვის მოედანზე 30 წუთზე მეტს ატარებდა. შესაძლოა ახლა იგი მეტადაც დაიტვირთოს: Mavericks-ი განაგრძობს საკუთარი რიგების შევსებას, მაგრამ ჯოელ ფრილენდის წარუმატებელი დევნა იმის ნიშანია, რომ გუნდი სათადარიგო ცენტრს ეძებს და არა ძირითადს, რომელიც ფაჩულიას თამაშის დროში შეეცილებოდა.

31 წლის ფაჩულია Mavericks-ისთვის შემტევი იარაღი არ არის. მისი სახით გუნდმა მშრომელი, კარგი ფიზიკური გამძლეობის მოთამაშე მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სეზონში Brooklin Nets-თან თამაშის დროს, ფაჩულიამ ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაამყარა. მან 18-ჯერ მოხსნა ბურთი ერთ თამაშში, რაც არა მარტო Bucks-ის ყველა დროის საუკეთესო შედეგის სამი ბურთით გაუმჯობესებაა, არამედ ზოგადად NBA-ის ისტორიაში გამორჩეული შედეგია. ამაზე მეტი, 19 და 24 მოხსნა მხოლოდ ლეგენდარულმა მოზეს მელოუნმა შეძლო. ამ თამაშში მან პირადი რეკორდიც გააუმჯობესა: 22 ქულით, 21 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით მან პირველად გადააბიჯა ერთბაშად ორ მაჩვენებელში 20 ქულას.

და ეს ყველაფერი NBA-ში 12 სეზონის ჩატარების შემდეგ… “შეცდომის უფლება არ გაქვს, პიტბულებივით გელოდებიან, ფეხი როდის წაგიცდება, რომ შენი ადგილი დაიკავონ, – მეუბნებოდა ზაზა ფაჩულია, სანამ ფოტოგრაფს კედელზე ფონის დაკიდებაში ვეხმარებოდი. 1.90-იანი სიმაღლის გამო, ინტერვიუებზე ეს მისია ხშირად მე მეკისრება, თუმცა ამჯერად მცდელობა ჩაგვიფლავდა. ჩემი აწეული ხელი სულ ოდნავ სცდებოდა იმ ადგილს, სადაც რესპონდენტის თავი უნდა ყოფილიყო. ფოტოში კედელი ყველა ვარიანტში შემოვიდოდა. – NBA-ში სულ 450 მოთამაშეა და ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოდან, უამრავი ნიჭიერი ახალბედა ცდილობს ამ ელიტარულ კლუბში შემოღწევას. ძალიან ძნელია, დაიცვა შენი ადგილი“.

აშკარაა, ზაზა ფაჩულიას დათმობა არ უყვარს – არც თამაშში, არც ცხოვრებაში. ამერიკული პუბლიკა ამაში 2008 წელს დარწმუნდა, როდესაც განგებ უხეში თამაშის გამო იგი კევინ გარნეტს წაეჩხუბა – ეს იგივეა, რაც “ჩამოსულ“ ფეხბურთელს ვინი ჯონსთან “შუხური“ წამოეწყო სადმე ვილდსტოუნში (ოღონდაც, თავის მხრივ, ვინი ჯონსს რობერტო კარლოსივით ეთამაშა). “მე ჩხუბს არასდროს ვიწყებ. ნამდვილად არასდროს დამიწყია. პირიქით, ვცდილობ, რომ მაქსიმალურად პატიოსნად, სწორად და პროფესიონალურად ვითამაშო, – ამბობს იგი, – მაგრამ არიან მოთამაშეები, ვინც განგებ გეუხეშება და მერე გინდა-არ გინდა თავისთავად გადაიზრდება ხოლმე კონფლიქტში“. მიუხედავად NBA-ის მხრიდან დაკისრებული ფინანსური სანქციისა, ინციდენტმა ფაჩულიას მეტი არგო, ვიდრე ანანა. გამოწვევის ღირსეულად მიღებამ მას პუბლიკის თვალში ავტორიტეტი აუმაღლა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ქართველ ლეგიონერს “ბალბოაც“ კი უწოდა – კალათბურთის “კრივის ჩემპიონისთვის“ მოულოდნელად სათანადო პასუხის გაცემისთვის. მაყურებელს მოსწონს ფაჩულიას ქარიზმატული ხასიათი; მოსწონს მისი სტილი მოედანზე და მოედნის გარეთაც. 2010 წელს, Atlanta Fashion Awards-ზე, იგი ატლანტის საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცადაც კი დასახელდა “NBA-სთვის შოუს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, – მიმხელს იგი, – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გაგიცნოს არა მარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც. თითოეული მოთამაშე ამავდროულად ბიზნესმენიც არის. ამ კონკურენტულ ბაზარზე მან საკუთარი თავის პოზიციონირება უნდა მოახდინოს. სპორტულებით ან დახეული ჯინსით დღეს უკვე ვეღარ მიხვალ თამაშზე – არ არის რეკომენდებული. იყვნენ მოთამაშეები, ვინც ეს ადვილად მიიღო, იყვნენ მოთამაშეები, ვისაც საერთოდ ცხოვრებაში არ სცმია Business Casual-ი. რა ვიცი, ჩემს ხასიათში ჯდება. დემირელის სკოლაშიც პიჯაკი გვეცვა“. საქმის სწორად გაძღოლამ კარგი შედეგი გამოიღო. 12 სეზონისა და NBA-ში თამაშის მეათე წელს მიღებული ურთულესი ტრავმის, აქილევსის მყესზე გაკეთებული ოპერაციისა და თითქმის შვიდი თვით თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ (რაც ბევრი მისი არანაკლებ მიზანდასახული კოლეგისთვის უბრალოდ კარიერის დასასრული იქნებოდა) ზაზა ფაჩულია ცხოვრებაში ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს…

როდესაც მოგვიანებით ინდუსტრიის სტატისტიკურ მაჩვენებლებს გავეცანი, დავრწმუნდი, რომ “ძალიან ძნელი“ მეტისმეტად მოკრძალებული შეფასებაა იმ ძალისხმევისთვის, რაც 12 წლის განმავლობაში თამაშისთვის უნდა გასწიო. შემოსავლების მიხედვით სამყაროს მესამე უმდიდრეს ლიგაში (პირველ და მეორე ადგილს ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგა და ბეისბოლის მთავარი ლიგა ინაწილებენ) მოთამაშეები საშუალოდ 4.8 წელს ატარებენ, ანუ თითქმის სამჯერ ნაკლებს, ვიდრე ფაჩულია, რომლისგანაც სფეროს ინსაიდერები, როგორც აღმოჩნდა, კარიერის მთავარ რეკორდებს ელიან. საიდან იღებს სათავეს ეს შემართება და გამძლეობა, რომელსაც სპორტული მხოლოდ მოფერებით შეიძლება ეწოდოს? – რა თქმა უნდა, ბავშვობიდან.

ყველაფერი დემირელის სკოლაში დაიწყო. დიახ, სკოლაში და არა მოედანზე. “ჩემი მშობლებისთვის პრიორიტეტი განათლება უფრო იყო, ვიდრე კალათბურთი. როდესაც ოთხიანს მივიღებდი სკოლაში, უმაღლესი სასჯელი ვარჯიშზე არგაშვება იყო“, – იხსენებს ზაზა ფაჩულია. სწავლამ მისი საკალათბურთო კარიერაც კინაღამ შეიწირა. სხვა სკოლებისგან განსხვავებით, დემირელში გაკვეთილები ოთხ საათზე მთავრდებოდა. სკოლა ორთაჭალაში მდებარეობდა, სავარჯიშო დარბაზი (თუ იმდროინდელ რუინებს ასე შეიძლება ეწოდოს) – დიდუბეში. რომ არა მწვრთნელის გულისხმიერება და ვარჯიშის ცოტათი გვიან დანიშვნა, ზაზა ვერ ითამაშებდა.

ერთ მშვენიერ დღეს სკოლას თურქეთის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა ეწვია – თამაში ჰქონდათ საქართველოსთან და გადაწყვიტეს, თურქული სკოლა მოენახულებინათ. ფაჩულია მაშინ 13 წლის იყო. ძნელი არ იქნებოდა თინეიჯერობაში ახალშებიჯებული მოზარდის შემჩნევა, რომლის სიმაღლეც 2 მეტრს უტოლდებოდა. ზაზა გაკვეთილიდან გამოიყვანეს: “სანამ კლასიდან დირექტორის კაბინეტში მივიდოდი, ათასმა რაღაცამ გამიელვა თავში. რის გამო მეძახიან? ხომ არაფერი დამიშავებია? კაბინეტში დელეგაცია დამხვდა, ნაკრების წარმომადგენლები. პატარა ინტერვიუ იყო, ცამეტი წლის ბავშვისთვის რა კითხვის დასმაც შეიძლებოდა, დამისვეს. მკითხეს, თურქეთში თუ გინდა წამოსვლაო“. შემდეგ ეზოში გავიდნენ. დელეგაციის წევრებმა ზაზას მისი ხათრით დაყენებულ, მორყეულ ფარზე მიუთითეს და ჰკითხეს – შეგიძლია ბურთის ჩაგდებაო? ზაზამ ბურთი შეათამაშა, საკუთარ მომავალს თვალი გაუსწორა და მისკენ გადახტა. მიწაზე ჯერ ჩაგდებული ბურთი დაეშვა. შემდეგ ზაზა. შემდეგ ფარი.

მეორე დღეს უკვე მშობლები დაიბარეს. გასაგებია, რომ ფარის მოტეხისთვის – არა. სწავლის პრიორიტეტულობის გამო, მშობლებისთვის ზაზას თურქეთში სათამაშოდ გაშვების გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო (ბევრი წარმატებული მაგალითიც არ ჩანდა გარშემო. იმ დროს უცხო ქვეყანაში კალათბურთს მხოლოდ ვლადიმერ სტეფანია თამაშობდა). სამაგიეროდ, დელეგაციამ მიიღო იოლად გადაწყვეტილება, როდესაც ფაჩულიების ოჯახი იხილეს – ყოფილი მოჭიდავე მამა, ყოფილი კალათბურთელი დედა. აშკარა გახდა, ზაზა კიდევ მოიმატებდა სიმაღლეში. ხუთ დღეში თბილისს სტამბულის Ulker-ის გენერალური მენეჯერი, დირექტორი და ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი ეწვია. მშობლების სკეფსისის გასაფანტად, მათ ისინი თურქეთში მიიპატიჟეს – შეხედეთ, რას გთავაზობთ და მერე გადაწყვიტეთ, შვილს თბილისში დატოვებთ, თუ ჩვენთან გამოუშვებთო. 10 თებერვალს ზაზა 14 წლის გახდა. 13 თებერვალს ოჯახი თურქეთში გაფრინდა.

თურქეთში ჩასულმა ზაზას დედამ დარბაზამდე სკოლის ნახვა ისურვა. გაკვირვებულ ადმინისტრაციასაც რაღა დარჩენოდა – ფაჩულიებს საკლასო ოთახებისკენ გაუძღვნენ. გასაგებია, რა კონტრასტს იგრძნობდნენ სტამბულის ფლორეას უბანში განლაგებულ სკოლაში სტუმრობისას 1990-იანების თბილისიდან ჩასულები. ფაჩულიები დათანხმდნენ.

ზაზას ხელფასი $300 იყო, აქედან $200-ს დედას უგზავნიდა, დარჩენილი სწორად საკვებად და თავის მოვლისთვის ჰყოფნიდა. ეკონომიას რეჟიმიც ხელს უწყობდა. დღისით სწავლა – საღამოს ვარჯიში. როცა უკვე ყველა ტოვებდა სავარჯიშო დარბაზს, მაშინაც ვარჯიში. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბედი მას კიდევ ერთ გამოცდას უმზადებდა. 1998 წელს, სეზონის დამთავრების შემდეგ, ზაზას მამა გარდაიცვალა. “ამ პერიოდში ვიფიქრე, კალათბურთს საერთოდ თავს დავანებებდი. დედაჩემისთვის მამის გარდაცვალება იმხელა ტრავმა იყო… – იხსენებს იგი. – თურქებსაც მივწერე. ვუთხარი, რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდი. ძალიან შეწუხდნენ, რადგან მამაჩემს უკვე კარგად იცნობდნენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ დაგაბრუნოთო. მე ვდუმდი. ყველაფერი დედაჩემზე იყო დამოკიდებული. 14 წლის ბავშვისთვის ამხელა ქვეყანაში მარტო ყოფნა რთული იქნებოდა. დედაჩემმა რომ დაინახა, როგორ განვიცდიდი, ყველაფერი გვერდზე გადადო და გვერდში დამიდგა“. საბოლოოდ ზაზა დედასთან ერთად მაინც დაბრუნდა სტამბულში და სტრესს ვარჯიშით დაუპირისპირდა.

შედეგმა არ დაახანა. 16 წლის ზაზა უკვე პროფესიონალურ გუნდში თამაშობდა. სკოლიდან დაწყებულმა თავდადებულმა შრომამ იგი ევროლიგის ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელად ჩამოაყალიბა. სამ წელიწადში კი უკვე NBA-ის დრაფტზე დადგა. იქაც ხუთ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეს შორის მოხვდა. მეორე რაუნდში ფაჩულია Orlando Magic-მა აირჩია, მაგრამ ეს ბედნიერი დასასრული როდია. აღმოჩნდა, რომ მთავარი სირთულეები ახლა იწყებოდა. ქართველ კალათბურთელს უნდა დაემტკიცებინა, რომ ცოცხალი ლეგენდების მხარდამხარ თამაშის ღირსი იყო. Ulker-ში მას წელიწადში 30-35 თამაში უწევდა, აშშ-ში კი დატვირთვა სამჯერ გაიზარდა, NBA-ის მოთამაშე ხომ წელიწადში 90-100 თამაშს ატარებს! შესაბამისად, ვარჯიშის ინტენსივობამაც იმატა. “NBA-ში სულ სხვა სისტემაა, თურქეთში ორჯერ, სამჯერ ვარჯიშობ დღეში, იქ კი დილით ერთჯერადი ვარჯიში გაქვს და მერე მთელი დღე თავისუფალი ხარ“, – ამბობს ზაზა. ახალგაზრდა სპორტსმენმა საკუთარი “აქტივები“ შეაფასა, მიხვდა, რომ კონკურენციის გასაწევად თავისი შესაძლებლობების ზღვრისთვის კიდევ ერთხელ უნდა გადაებიჯა. იგი თურქ მწვრთნელს დაუკავშირდა და აშშ-ში ჩაიყვანა. დილით სხვებთან ერთად ვარჯიშობდა, საღამოს უკვე მარტო, თავის პირად მწვრთნელთან და ამაში იგი საკუთარ ფულს იხდიდა – ხელფასის 60%-ს. “თურქეთში ფინანსებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. დაზოგვა რომც დამეწყო, მაინც არ მეყოფოდა ცხოვრების ასაწყობად. გუნდსაც მეტს არ ვთხოვდი. ამერიკაშიც ასე იყო, პირველი ორი ზაფხული ვალებიც კი მქონდა“, – განაგრძობს იგი. მწვრთნელის დაქირავება ზაზას პირველი წარმატებული ინვესტიცია იყო. ზაფხულის ლიგის თამაშებში გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ Magic-მა მას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ NBA თურქეთი არ არის, სადაც შესაძლებელია, მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატარო. ზაზამ ეს მალევე იგრძნო.

უცნაური რამ მოხდა, როდესაც NBA-ის ახალი გუნდი, Charlotte Bobcats-ი მოევლინა. წესისამებრ, ახალი გუნდის გაჩენისას სხვა გუნდები იძულებულნი არიან, შერჩეული მოთამაშე დაუთმონ. ასე მოხვდა ფაჩულია Bobcats-ში, თუმცა – მხოლოდ ერთი საათითა და რამდენიმე წუთით. ახალმა გუნდმა იგი სხვა მოთამაშეში გადაცვალა და ჩემმა რესპონდენტმა აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდა თბილი ფლორიდიდან ცივი ვისკონსინის Milwaukee Bucks-ში. პატარა, პირქუში კლიმატის ქალაქში გადაბარგებამ კიდევ უფრო გააკაჟა მოთამაშე – ფაქტობრივად, საცდურიც არ ჰქონდა, ვარჯიშის გარდა რაიმეთი გაერთო თავი. ორი წლის შემდეგ იგი კვლავ თავისუფალი აგენტი გახდა და ასე აღმოჩნდა თავის მეორე სამშობლოში, შტატში, რომელიც მისი პირველი სამშობლოს სახელს ატარებს, გუნდში, სახელად Atlanta Hawks: “პირველი კონტრაქტი ოთხწლიანი იყო, რომელსაც მეორე, ისევ ოთხწლიანი მოჰყვა. სულ რვა წელი გამომივიდა. ვხუმრობდი კიდეც, პრეზიდენტი ვარ-მეთქი“.

თუმცა ფაჩულიას შეფასება აქაც მოკრძალებულია. პრეზიდენტისთვის გაცილებით ადვილია სკამის მეორე ვადით შენარჩუნება, ვიდრე NBA-ის კალათბურთელისთვის – ერთ-ერთისთვის იმ 450-დან, რომელთაც ადგილს მთელი მსოფლიოს კალათბურთელების რამდენიმემილიონიანი არმია ეცილება. მიღწევა კიდევ უფრო შთამბეჭდავია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ოთხი წელი, ძალიან ხშირად, კალათბურთელის მთელი კარიერის ხანგრძლივობაა NBA-ში.

თავად Atlanta Hawks-იც ისევე დრამატულად ვითარდებოდა, როგორც ზაზა ფაჩულიას კარიერა. 2005 წელს, როდესაც მან ჯორჯიაში თამაში დაიწყო, Atlanta ძალიან ცუდი გუნდი იყო, სულ 15-მდე მოგებით. სუსტი გუნდისგან მიწვევის მიღებით ფაჩულიამ იმჯერადაც სწორი გათვლა გააკეთა. ამ გუნდში მას შანსი ჰქონდა, სასტარტო ხუთეულის კალათბურთელი ყოფილიყო და მოედანზე მეტი დრო გაეტარებინა, ვიდრე სათადარიგო სკამზე. ასეც მოხდა. ფაჩულია ჯორჯიელების კლუბს საქართველოს ნაკრებს ადარებს, ახლო წარსულში ხელმოცარულ გუნდს, რომელიც მწვრთნელისა და ახალი მოთამაშეების განსაკუთრებული ძალისხმევით უცებ წარმატებების მიღწევას იწყებს: “ახალგაზრდები ვიყავით, 19-22 წლის მოთამაშეები. როდესაც მე და ჯო ჯონსონი მივედით, მალე 20 მოგებას გადავცდით. მერე 30-ზე ავედით. მერე 40-ს გადავაბიჯეთ. მერე ექვსი წლის განმავლობაში ზედიზედ პლეიოფებში გავდიოდით – პირველ რაუნდში, მეოთხედფინალში და ასე გაგრძელდა“.

Hawks-ის მაისურში ჩატარებულმა 800-მა თამაშმა ზაზა ფაჩულიას განსაკუთრებული სენტიმენტები გაუღვივა გუნდისადმი. “მიხარია ის ფაქტი, რომ ასეთ ორგანიზაციაში საკმაოდ სოლიდური დროით ყოფნამ მომიწია – მეუბნება იგი, – ამან მომცა საშუალება, ქალაქი გამეცნო, გულშემატკივარი გამეცნო და პირიქით, ქალაქს და გულშემატკივარს მეც გავეცანი. ძალიან კარგი დღეები მახსოვს, დავქორწინდი კიდევაც, ჩემი სამივე შვილი იქ დაიბადა“. Hawks-ში გატარებულ რვა ნაყოფიერ წელს ისევ Milwaukee Bucks-ში ორი წლით დაბრუნება მოჰყვა, სანამ უცნაური გარემოება Dallas Mavericks-ში ამოაყოფინებდა თავს გამხსნელ მოთამაშედ, როგორც ათი წლის წინ ატლანტაში. ამ ხნის შემდეგაც ფაჩულიას მიმართ ნდობა იზრდება, ისევე როგორც მისით დაინტერესებული გუნდების ფასი: Dallas Mavericks-ი ხომ NBA-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების ათეულშია. წელს მისი ფასი $1 მილიარდს თითქმის 200 მილიონით აღემატება, ანუ ორჯერ ძვირია, ვიდრე $600 მილიონად შეფასებული Milwaukee Bucks-ი და დაახლოებით $300 მილიონით ძვირი, ვიდრე Atlanta Hawks-ი. NBA-ში 12 წლის თამაშის შემდეგ ფაჩულია კვლავ დაწინაურდა…

“არ ვიცი, არ ვიცი. ეს პირადულია. ჩემი კონტრაქტები არც არასდროს დამალულა, ინტერნეტშია ყველაფერი, მაგრამ პირადულია“, – მიპასუხა ზაზა ფაჩულიამ, როდესაც მას საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტსმენი ვუწოდე და ვცადე, საუბარი პირადი კაპიტალისკენ წამეყვანა. კალათბურთი ერთადერთი სპორტია აშშ-ის ოთხი მსხვილი გუნდური სპორტის სახეობიდან, რომელიც აწესებს მოთამაშეების ხელფასის ზედა ზღვარს, მაგრამ პროფესიონალი მოთამაშე უშუალოდ თამაშისგან წელიწადში საშუალოდ თითქმის $5 მილიონს მაინც შოულობს. ლიგის ელიტა რამდენიმეჯერ მეტს გამოიმუშავებს, ამას ემატება მილიონობით შემოსავალი რეკლამებიდან. საუკეთესო მოთამაშეებს წელიწადში $10 მილიონზე მეტის მიღება შეუძლიათ Nike-ისა და Adidas-ის მსგავსი კომპანიებისგან, მათი პროდუქციის მსოფლიო მასშტაბით რეკლამირებისთვის. ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე წელს ჯამში $358 მილიონს მიიღებს, სპონსორებისგან მიღებული $149 მილიონის ჩათვლით. რაც შეეხება საშუალო მაჩვენებლებს, ლიგის სტატისტიკის მიხედვით, NBA-ის მოთამაშე საშუალოდ $24 მილიონს აკეთებს საკუთარი კარიერის განმავლობაში – როგორც ზევით ვთქვით, თამაშის საშუალო ხანგრძლივობა 4.8 წელი გამრავლებული საშუალო წლიურ ანაზღაურებაზე – $5 მილიონზე. შედარებისთვის, უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ამერიკული ფეხბურთის ლიგაში (NFL) გუნდის სიდიდისა და მოთამაშეების ხშირი ბრუნვის გამო, კარიერა საშუალოდ 3.2 წელი გრძელდება, რის სანაცვლოდაც სპორტსმენი, საშუალოდ, $1.9 მილიონს გამოიმუშავებს.

ზაზა ფაჩულიას ბოლო სამი სეზონის კონტრაქტი ოდნავ აღემატებოდა ლიგის საშუალო მაჩვენებელს ($5.2 მილიონი ერთ სეზონში), 2010 და 2011 წლის სეზონებში კი ოდნავ ჩამორჩებოდა. ამ ორივე სეზონის სანაცვლოდ მან $8 მილიონზე მეტი მიიღო. ბოლო ხუთი სეზონიდან მიღებული შემოსავლის ჯამი სწორედ $24 მილიონს აღწევს. ამას ემატება წლევანდელი $5.2-მილიონიანი კონტრაქტი, რაც, მხოლოდ ხელფასის სახით, 2010-16 წლებში გამომუშავებულ 30 მილიონამდე აშშ დოლარს ნიშნავს. და ეს ყველაფერი მხოლოდ ექვსი წლის განმავლობაში, 12-წლიანი NBA-კარიერის მეორე ნახევარში… აღსანიშნავია სარეკლამო გარიგებებისგან მიღებული შემოსავალიც (ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ფაჩულიას Nike-თან კონტრაქტი აკავშირებს, პირველი სამი წელი კი Adidas-თან იყო), მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ზევით დასახელებულ თანხასთან შედარებით, ამ კონტრაქტებისგან მიღებული შემოსავალი “არც ისე დიდია“.

“31 წლის ვარ. არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი ვითამაშებ, მაგრამ ვეცდები, მაქსიმალურად ბოლომდე ამოვწურო ჩემი ენერგია – ხუთი, ექვსი, შვიდი წელი? – არ ვიცი. იქნებ რვაც“, – ამბობს იგი და, მგონი, სახეზე გაკვირვებასაც მატყობს. ინტერვიუმდე საგანგებოდ დავგუგლე ყველაზე ხანგრძლივი კარიერა NBA-ში და აღმოჩნდა, იგი რობერტ პერიშს ჰქონდა – 21 წელი. ზაზა ფაჩულიას ზუსტად ცხრა წელი უკლია აქამდე. “არა, 40 წელს ვერ გადავაცილებ, ალბათ რეკორდს ვერ მოვხსნი. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ საუკეთესო ვარიანტის შემთხვევაშიც კი დრო ძალიან ცოტაა, წლები დათვლილია“, – სიცილით ამატებს იგი. სწორედ მომავალზე ფიქრის გამო მიიღო გადაწყვეტილება, ფორმალური ბიზნესგანათლებით აღჭურვილიყო. თადარიგი ადრევე დაიჭირა – მოკლე და ინტენსიური პროგრამები: Northwestern-ი 2008 წელს, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 და 2011 წლებში, ჰარვარდის ბიზნესსკოლა 2012-ში. წელს კოლუმბიის უნივერსიტეტია გეგმაში – უძრავი ქონების პროგრამა, რაც შესაძლოა მიზანში ამოღებულ ბიზნესსექტორზე მეტყველებდეს.

 “არიან მოთამაშეები, რომლებსაც $100-200 მილიონი აქვთ კარიერაში გაკეთებული და დღეს გადასახადებს ვერ იხდიან, ან ბანკი სახლს უყიდის. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, მოპოვებული როგორ შეინარჩუნო. უცებ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება შენ ირგვლივ, პირველ რიგში “ფინანსური მრჩევლები“, თითქოს რაღაცაში ფულს გადებინებენ, მერე აღმოჩნდება, რომ საკუთარ ჯიბეში. შეცდომები მეც დამიშვია“, – მეუბნება ზაზა ფაჩულია. ამჟამად საქართველოში ორი სასტუმროს მფლობელია, რომლებშიც $4 მილიონამდე დააბანდა. შეცდომაში კი ჯორჯიაში გახსნილ რესტორანს გულისხმობს: “მეგონა, თუ ჩემი სახელის გამო იქ ბევრი ხალხი მოვიდოდა, რესტორანი ბევრს გამოიმუშავებდა, მაგრამ შევცდი. შეიძლება ადამიანმა ერთი ბოთლი ლუდი დაიჭიროს ხელში და მთელი დღე იყოს ბარში. ამერიკელებს ძალიან უყვართ ასე მოქცევა, – ამბობს იგი, – სერიოზულად კი, თუ რესტორანს ხსნი, თვითონ უნდა იყო იქ. მე ეს არ გამომივიდოდა. ორი წლის განმავლობაში ვეცადე, წინ წავსულიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ – ამაოდ. გარდა ამისა, მილუოკიში გადასვლა მიწევდა. დრო იყო, გამეყიდა და გავყიდე კიდეც“. თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ მოთელვა გახლდათ – თამაში წინაა.

ზაზა ფაჩულიას მიმართ მოლოდინი ისევე მაღალია, როგორც ათი წლის წინ იყო. მიუხედავად იმისა, ითამაშებს თუ არა კიდევ ცხრა წელი და მოხსნის თუ არა ამით NBA-ის კიდევ ერთ რეკორდს, იგი უკვე შევიდა ლიგის ისტორიაში. მაგრამ ისტორია მისთვის ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მომავალი, რომელშიც, ახლა უკვე ბიზნესის ნიადაგზე, ახალი სიმაღლეებია დასაპყრობი. რა-რა და სიმაღლე ზაზა ფაჩულიას არ აშინებს. “ციფრებთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. მე მიყვარს ციფრები, მათემატიკა. ყველას თავისი ინტერესი აქვს: კალათბურთელების უმეტესობას უნდა, რომ მწვრთნელი გახდეს, ძალიან ბევრს უნდა, რომ ტელევიზიაში იმუშაოს. ჩემი ინტერესი – ბიზნესია“, – ამბობს იგი.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი