მინერალური და ნატურალური წყლების, „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელ კომპანიას „IDS ბორჯომი“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი. აღნიშნულ ინფორმაციას BM.GE-სთან ადასტურებს თავად კომპანიაც.
„საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება“, – განუცხადეს მედიას „ბორჯომში“.
ცნობისთვის, ივანე მაჭავარიანი საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2018-2021 წლებში იკავებდა და აღნიშნული პოსტი მიმდინარე წლის 31 მარტს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„IDS ბორჯომი საქართველო“ ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე რეგისტრირებული კომპანიის „IDS ბორჯომი ბევერიჯიზ“ ფილიალია. კომპანია საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. სათაო კომპანიის 60%-ს (2019 წლის მდგომარეობით) „სი თი ეფ ჰოლდიგს ეს. ეი“ ფლობს, რომელიც ლუქსემბურგში არის რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
აუდიტორულ კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალის აქტივები 159 მლნ აშშ დოლარი იყო და, 2018 წელთან შედარებით, ისინი 19%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 17.3 მლნ აშშ დოლარის წმინდა მოგება დარჩა, 2018 წელს კი 14.5 მლნ აშშ დოლარი.