20 მარტს Forbes-მა მილიარდერთა განახლებული, 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
Forbes-ი უკვე 31 წელია აქვეყნებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიურ რეიტინგს. წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენციაა: სიაში მილიარდერთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა – შემაჯამებელ რეიტინგში 2043 მილიარდერი მოხვდა (შარშან – 1810). ფორბსის რეიტინგების ისტორიაში ასეთი დიდი ზრდა (+233 მილიარდერი) არასდროს დაფიქსირებულა.
რეიტინგში შესულ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 7.67 ტრილიონი დოლარია – შარშანდელზე 18%-ით მეტი.
ზედიზედ მეოთხე წელია, ბილ გეიტსი სიის სათავეშია. მისი კაპიტალი ბოლო ერთ წელიწადში $11 მილიარდით გაიზარდა და $86 მილიარდს შეადგენს. საერთოდ, გეიტსი უკანასკნელი 23 წლის მანძილზე მე-18-ჯერ არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში.
$14.8 მილიარდით გამდიდრებულმა უორენ ბაფეტმა მეორე ადგილი დაიბრუნა. მან “ზარას” დამფუძნებელი, ამანსიო ორტეგა ჩაანაცვლა. რომელიც წლევანდელ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. მესამეზე კი ჯეფ ბეზოსმა გადაინაცვლა, რომელსაც მილიარდერებს შორის საუკეთესო წელი ჰქონდა – “ამაზონის” დამფუძნებელი ბოლო 12 თვეში $27.6 მილიარდით გამდიდრა.
მარკ ცუკერბერგი მეხუთეა – 32 წლის“ფეისბუკელი“ $11.4 მილიარდით გამდიდრდა. ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ, პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, ვერ მოხვდა რეიტინგის ხუთეულში. წელს ის მეექვსეა.
Forbes-ის მილიარდერთა 2017 წლის რეიტინგში კიდევ რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა:
- 2017 წელს მსოფლიოს 195 ახალი მილიარდერი ჰყავს (მათგან 76 ჩინეთიდანაა, 25 კი აშშ-დან).
- ახალი მილიარდერებიდან 15 ქალია.
- რეიტინგში 56 მილიარდერი 40 წელზე ახალგაზრდაა – შარშანდელთან შედარებით, ეს მონაცემი ათით შემცირდა.
- აშშ კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს – 565 მილიარდერი, ჩინეთი მეორეზეა – 319, მესამეზე გერმანიაა – 114.
საქართველოდან რეიტნგში ისევ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. $4.5 მილიარდით ის 367-ე ადგილზე ($4.8 მილიარდი და 298-ე ადგილი 2016 წელს).
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:
1. ბილ გეიტსი – $86 მილიარდი
2. უორენ ბაფეტი – $75.6 მილიარდი
3. ჯეფ ბეზოსი – $72.8 მილიარდი
4. ამანსიო ორტეგა – $71.3 მილიარდი
5. მარკ ცუკერბერგი – $56 მილიარდი
6. კარლოს სლიმ ელუ – $54.5 მილიარდი
7. ლარი ელისონი – $52.2 მილიარდი
8. ჩარლზ კოხი – $48.3 მილიარდი
9. დევიდ კოხი – $48.3 მილიარდი
10. მაიკლ ბლუმბერგი – $47.5 მილიარდი
Forbes-ის მილიარდერთა 2017 წლის სრული რეიტინგი იხილეთ ბმულზე.