2018 წელი პირველი წელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირიდან მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე რუსეთიდან.
რუსეთიდან 457 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან 90 მლნ დოლარით მეტი, 547 მლნ დოლარი.
2018 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 წელთან შედარებით 197 მლნ დოლარით (14%-ით) გაიზარდა. 2017 წელს საქართველოში 1.4 მილიარდი დოლარი, ხოლო 2018 წელს 1.6 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდული მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდებოდა – 1.5 მილიარდი დოლარი.
საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად იტალიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან და აშშ-დან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, იტალიიდან 48 მლნ დოლარით მეტი გადმოირიცხა, ისრაელიდან 32 მლნ დოლარით მეტი, საბერძნეთდან და აშშ-დან კი 29 და 18 მლნ დოლარით მეტი.
2018 წელს, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა. 2017 წელთან შედარებით 21 მლნ დოლარით მეტი გადაირიცხა, ჯამში 229 მლნ დოლარი.
ცხრილი: ქვეყნები საიდანაც 2018 წელს ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, მლნ აშშ დოლარი
ქვეყანა | 2017 | 2018 | სხვაობა |
რუსეთის ფედერაცია | 455 | 458 | 2.3 |
იტალია | 143 | 191 | 48.2 |
საბერძნეთი | 141 | 170 | 29.1 |
აშშ | 142 | 159 | 17.5 |
ისრაელი | 119 | 151 | 32.0 |
თურქეთი | 109 | 106 | -3.7 |
ესპანეთი | 36 | 42 | 5.2 |
გერმანია | 34 | 41 | 7.5 |
უკრაინა | 26 | 29 | 2.6 |
აზერბაიჯანი | 16 | 20 | 4.8 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი