პიტ ჰეგსეთი პენტაგონის საკითხებს Signal-ის სულ მცირე 12 ჩატში განიხილავდა - WSJ

პიტ ჰეგსეთი პენტაგონის საკითხებს Signal-ის სულ მცირე 12 ჩატში განიხილავდა - WSJ

The Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი პენტაგონის საკითხებს Signal-ის რამდენიმე სხვადასხვა ჩატში განიხილავდა. მედიასააგენტო ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰეგსეთი არაკლასიფიცირებულ, თუმცა სენსიტიური დეტალების შემცველ ინფორმაციას Signal-ის ჩატებში იმაზე ხშირად განიხილავდა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი. როგორც ირკვევა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩატებში საკუთარი მგზავრობის, დღის გეგმისა და სხვა სახის ინფორმაციას აზიარებდა.

თავდაპირველად, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიერ Signal-ის ჩატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა გაავრცელა. გოლდბერგი ამტკიცებდა, რომ პიტ ჰეგსეთი იემენში ჰუსიტების პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმის გეგმებს Signal-ის ჩატში სახელმწიფო მდივანთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად განიხილავდა, სადაც შემთხვევით თავადაც დაამატეს. აღნიშნულმა ინფორმაციამ ამერიკულ სადაზვერვო და უსაფრთხოების საზოგადოებაში დიდი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა თავდაცვის მდივანს დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ პიტ ჰეგსეთის Signal-ის მეორე ჩატში აქტივობის გამჟღავნების შემდეგ თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის მიერ აპრილში დაწყებული შიდა კვლევა, კიდევ გარკვეული პერიოდით გახანგრძლივდა. ცნობისთვის, აღნიშნულ ჩატში სამხედრო გეგმებს პიტ ჰეგსეთი უკვე ცოლთან და პირად ადვოკატთან ერთად განიხილავდა.

24 აპრილს Associated Press-მა დაწერა, რომ პიტ ჰეგსეთი დაუცველ ინტერნეტ კავშირს იყენებდა, რაც მისი კომპიუტერიდან ინფორმაციის გაჟონვის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. თუმცა პენტაგონის პრესსპიკერის ცნობით, Signal-ის ჩატი თავდაცვის მდივნის სამთავრობო კომპიუტერზე დაინსტალირებული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პიტ ჰეგსეთის მიერ Signal-ის გამოყენების შემთხვევა ჰუსიტებზე თავდასხმის გეგმების გაზიარებასთან დაკავშირებით თავად თავდაცვის მდივანსაც არ უარუყვია. თუმცა მისი განცხადებით, მან ჩატში არაფორმალური არაკლასიფიცირებული კოორდინატები გააზიარა.