ლონდონის ტრიბუნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული სათამაშო კონსოლის, PlayStation-ის მწარმოებელ Sony-ის კომპიუტერული თამაშების ციფრული ვერსიების ფასების გამო შესაძლოა ჯარიმის სახით $7.9 მილიარდის გადახდა დაეკისროს. ლონდონის ტრიბუნალის განმარტებით, Sony-ის ბრალი საკუთარი დომინანტური პოზიციის გამოყენებით, კომპიუტერული თამაშების ციფრულ მაღაზიაში, PlayStation Store-ში, უსამართლო ფასების დაწესებაში ედება.
როგორც ირკვევა, Sony Interactive Entertainment-ს 9 მილიონი ადამიანის კოლექტიური სარჩელით ედავებიან. საუბარია ადამიანებზე, რომელთაც გასულ წელს PlayStation Store-ში კომპიუტერული თამაშები ციფრულად შეიძინეს.
იურისტების განმარტებით, Sony-მ კომპიუტერული თამაშების შემქმნელებისაგან საკუთარი ნაწარმის მხოლოდ PlayStation Store-ზე გაყიდვა Sony-ის მხრიდან 30%-იანი საკომისიო გადახდის სანაცვლოდ მოითხოვა. მათი მტკიცებით, შედეგად Sony დომინანტურ პოზიციაში აღმოჩნდა და კომპიუტერული თამაშების ციფრულ ვერსიებზე უსამართლო ფასები დააწესა. საბოლოოდ კი მომხმარებლებმა კომპიუტერულ თამაშებში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე უწევდათ.
ლონდონის კონკურენციის ტრიბუნალმა იურისტების სარჩელი განსახილველად მიიღო, თუმცა დასძინა, რომ ის ადამიანები, რომელთაც კომპიუტერული თამაშები 2022 წელს სარჩელის წარდგენის შემდეგ შეიძინეს, კოლექტიურ სარჩელში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.