პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინული მარცვლეულის შესანახად ობიექტები ააშენოს

პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინული მარცვლეულის შესანახად ობიექტები ააშენოს

მედიაგამოცემა Ukrinform-ის ინფორმაციით, პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის შესანახი ობიექტების აშენების სურვილს გამოთქვამს. მსგავსი შინაარსის განცხადება პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ჰენრიკ კოვალჩიკმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„მე ვფიქრობ, რომ მარცვლეული უნდა ინახებოდეს იქ, სადაც უკრაინის ფართო სარკინიგზო ლიანდაგები მთავრდება. ასე კი მარცვლეულის სხვა კონტეინერებში გადატვირთვა და ტევადობის გაზრდა უფრო მარტივი იქნება. ამჟამინდელი ტევადობით, პოლონეთში მხოლოდ 1.5 მილიონი ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. უკრაინის საჭიროებები კი თვეში 5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისი განმარტებით, მსგავსი პროექტის განსახორციელებლად პოლონეთს 3-დან 4 თვემდე პერიოდი დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად უკრაინიდან რკინიგზის დახმარებით მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიულ სქემაზე მუშაობს. ალტერნატიული სცენარი კი უკრაინის საზღვართან ახლოს მარცვლეულის შესანახი ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებს.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა და უკრაინის აგრარული პოლიტიკის და სურსათის სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

უკრაინულ პორტებში ჩარჩენილი მარცვლეულის მოცულობა 20 მილიონ ტონას შეადგენს. ამ რაოდენობის ნახევარი კი გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამისათვის იყო განკუთვნილი. რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკადა, საცავების დაბომბვა და მარცვლეულის მოპარვა კი გლობალური შიმშილობის მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის.