ნავთობბიზნესის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების შემდეგ, ბიზნესმენი ზაალ იაკობიძე დღეს მრავალმილიონიან ბიზნესპორტფელში სხვადასხვა სექტორის კომპანიებს აერთიანებს. ამბიციური გეგმით, რომელიც ქალაქ ქუთაისში $100 მილიონის ინვესტიციას ითვალისწინებს, ბიზნესს მამასთან ერთად ანა ამარია იაკობიძეც უძღვება.
ბატონო ზაალ, დავიწყოთ თავიდან. პროფესიით ეკონომისტი ბრძანდებით, რამდენად მოგამზადათ უნივერსიტეტმა რეალური ბიზნესგარემოსთვის და რა გამოწვევები გახსენდებათ თავდაპირველი წლებიდან?
თუკი თავიდან ვიწყებთ, დავიწყოთ სკოლიდან. ყოველთვის ვინტერესდები, რომელი სკოლა აქვთ სხვებს დამთავრებული, ეს გარკვეულ წარმოდგენას მიქმნის ადამიანებზე ჩემ ირგვლივ. თბილისის 51-ე სკოლა დავამთავრე 1978 წელს და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე, ვფიქრობდი, რომ ეკონომისტი გავხდებოდი. თავიდან სწორედ ამ მიმართულებით მივდიოდი. 1983 წლიდან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი. რამდენიმე წელიწადში მოსკოვის ეკონომიკის სამეცნიერო ინსტიტუტის ასპირანტი გავხდი და რამდენადაც უცნაურად ჟღერს, ჩემი სადისერტაციო ნაშრომი მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების საკითხს იკვლევდა. ეს ეკონომიკისა და ბიზნესის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და ძალიან გამიმართლა, როდესაც ამ თემის დამუშავების საშუალება მომეცა მაშინ, როცა ჩვენს ეკონომიკაში ბიზნესისა და კერძო საკუთრების ცნება საერთოდ არ არსებობდა. ამ დროს მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში.
რა იყო თქვენი პირველი ბიზნესწამოწყება და რა დაგიტოვათ ამ გამოცდილებამ?
ბიზნესსაქმიანობა სწავლის დასრულებისთანავე დავიწყე. 1990-იან წლებში ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება იყო კონკრეტული ნედლეულის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებში. ჩემს შემთხვევაში, საექსპორტო ნედლეული ალუმინი იყო. თუმცა, მოგეხსენებათ, საზღვრები ახალი გახსნილი იყო და ექსპორტიც სიახლე იყო ადგილობრივი ბაზრისთვის, ამიტომ ნედლეული პირდაპირ არ გაგვქონდა და მას სხვა კომპანიას ვაწვდიდით, რომელსაც შემდგომში თავად გაჰქონდა ალუმინი ექსპორტზე. მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რა მდგომარეობაში იყო ქვეყნის ეკონომიკა ოთხმოცდაათიან წლებში, შესაბამისად, დოლარში მიღებული შემოსავალი სერიოზულ კაპიტალს წარმოადგენდა. ამ პირველმა ფინანსურმა წარმატებამ მოიტანა მუხტი და მოტივაცია, გადამედგა შემდეგი ნაბიჯებიც.
ამ პერიოდში რამდენიმე წელი მოსკოვში გავატარე, თუმცა მალევე დავბრუნდი თბილისში. მინდა გითხრათ, რომ 1990- იან წლებში მოსკოვში ბიზნესის საკეთებლად ძალიან ხელსაყრელი გარემო იყო, თუმცა მე სულ საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობდი… არ მინდოდა იქ ცხოვრება და დავბრუნდი თბილისში მაშინ, როდესაც ქვეყნიდან ყველა მიდიოდა.
1996 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის ბიზნესი დავიწყე. „სენტა პეტროლიუმის“ განვითარების შემდეგი ეტაპი ავტოგასამართი სადგურების ქსელის შექმნა იყო. ბიზნესი საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდებოდა, თუმცა ამ წარმატებას იმდროინდელი ჩინოვნიკები გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ. 2012 წელს იძულებული გაგვხადეს, ბიზნესი და მთელი ჩვენი ქსელი გაგვეყიდა. იმ დროისთვის ჩვენი საშუალო წლიური მოგება $12 მილიონამდე იყო. მე ვთვლი, რომ ჩვენი ბიზნესი მაშინ სულ მცირე $100 მილიონი ღირდა. მოგვიწია ბევრად არახელსაყრელ პირობებში ბიზნესის დათმობა. ვიყავი დაპატიმრებულიც, თუმცა ხელისუფლების შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამათავისუფლეს. „სენტა პეტროლიუმის“ მფლობელებმა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოს სამივე ინსტანციაში ვიდავეთ, თუმცა დავა ყველა ინსტანციაში მოპასუხის სასარგებლოდ დასრულდა. ეს პროცესი ცხრა წელი გრძელდებოდა და ჩვენ ამ დავით ვერაფერი დავიბრუნეთ, სამწუხაროდ.
თითქმის სამი ათწლეულია, საქართველოში ეწევით ბიზნესსაქმიანობას, როგორ იცვლებოდა ბიზნესისთვის გამოწვევები და როგორ დაახასიათებდით ბაზარზე არსებულკონკურენციას?
უმთავრესი პრობლემა იყო და არის, როდესაც გიპირისპირდება სახელმწიფო – როდესაც შენ წინააღმდეგ მუშაობს სისტემა. რაც შეეხება სხვა გამოწვევებს, ცხადია, იყო რთული პერიოდებიც. საქართველო დამოუკიდებლობის პირველ წლებში სამართლებრივად გამართული ქვეყანა არ ყოფილა. იყო რაღაც საკითხები, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან მოლაპარაკების ან შელაპარაკების გზით წყდებოდა, თუმცა ამგვარი გამოწვევები გაცილებით იოლი დასაძლევი იყო ხოლმე, ვიდრე სისტემასთან ბრძოლა. ადამიანებთან საუბარი და ამ პროცესში მანევრირება ყოველთვის შესაძლებელი იყო. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუკი შენი პოზიცია სწორია და სამართლიანად იქცევი, თავი აუცილებლად უნდა დაიცვა. თავის დაცვა კი სხვადასხვანაირად ხდება. ეს არ ყოფილა იოლი საქმე, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ გამიჭირდა ამის გამო ბიზნესის კეთება.
ბიზნესგარემოს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება კონკურენციის გარეშე ვერ წარმომიდგენია. თუმცა აქ კონკურენციაც არაჯანსაღი იყო ხანდახან. დამეთანხმებით, როცა არათანაბარ გარემოში გაყენებენ, კონკურენციაში შესვლა ძალიან რთულია. მე და ჩემს ბიზნესპარტნიორებს არასდროს გვიწევდა რომელიმე ჯგუფი პატრონაჟს, იქნება ეს სახელისუფლებო თუ კრიმინალური სახის. არასდროს დაგვჭირვებია ბიზნესის ასე კეთება.
ამის მიზეზი კი ჩვენი მოქნილობა იყო. ჩვენი ყველა კონკურენტი დიდი და მოუქნელი კომპანიები იყვნენ. მაშინ როდესაც ჩვენი მმართველობითი სტრუქტურა გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტიანად მიღების შესაძლებლობას გვაძლევდა, სხვებს ბევრად დიდი დრო სჭირდებოდათ ოპტიმალური გადაწყვეტილების შესათანხმებლად. იმ პერიოდში რამდენჯერმე გავხდით ბიუჯეტის ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი და ეს მაშინ იოლი საქმე ნამდვილად არ ყოფილა.
დღევანდელი პერსპექტივიდან, რა არის საჭირო წარმატებული ბიზნესის საკეთებლად?
ხშირად ვფიქრობ ხოლმე, სხვათა შორის, ბიზნესისთვის რა არის მნიშვნელოვანი. ამ ბოლო დროს მივედი დასკვნამდე, რომ უმთავრესი ფაქტორია პიროვნული თვისებები. შესაძლოა, დღეს ვინმეს არაპოპულარულ მოსაზრებად მოეჩვენოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ბიზნესში წარმატება მთლიანად პიროვნების სიძლიერესა და სიმტკიცეზე გადის. ცხადია, ცოდნა, გამოცდილება და ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მე მგონია, რომ იმ ტიპის საზოგადოებაში და სახელმწიფო სამართლებრივ მოწყობაში, რომელიც წლების წინ საქართველოში გვქონდა, ბიზნესის წარმატების მიღწევას თუ არა შენარჩუნებას მაინც სჭირდებოდა მტკიცე ხასიათი. ახლა ეს გამოწვევა ნაკლებად არის, გაცილებით მარტივი გახდა ბიზნესის კეთება. იცნობ მოცემულობას და პროცესებიც მეტ-ნაკლებად განჭვრეტადია, ადრე ეს შეუძლებელი იყო. დღესაც არის საფრთხეები, თაღლითობის რისკი, თუმცა ბიზნესი ბევრად დაცულია, ვიდრე ადრე.
როგორც თქვით, თავიდანვე საკუთარი ბიზნესსაქმიანობებით იყავით დაკავებული და სხვისთვის არასდროს გიმუშავიათ. რა გავლენა ჰქონდა ამას თქვენზე, როგორც დამსაქმებელზე?
სწორად შენიშნეთ. ადამიანს, რომელიც სწავლის დამთავრების შემდეგ იწყებს საკუთარ ბიზნესს, უნდა შეეძლოს ურთიერთობა განსხვავებულ ადამიანებთან. მან უნდა უხელმძღვანელოს გუნდებს, მართოს პროცესები, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ამ ყველაფერს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ეს არასდროს არის მარტივი.
აქ შეცდომებსაც ხშირად ვუშვებთ ადამიანები. თუ არ გაქვს გამოცდილება, რაც უნდა თეორიული ცოდნა გქონდეს, პრაქტიკაში მაინც ყველაფერი განსხვავებულია. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება დროსთან ერთად მოდის. თუმცა შინაგანი ბუნებაც გადადის საქმიან ურთიერთობებზე. როგორც ცხოვრებაში ურთიერთობ ადამიანებთან, დაახლოებით ასე იქცევი საკუთარ ბიზნესში – უფრო საქმიანი ხასიათით, ტაქტით და კონკრეტული მოთხოვნებით, თუმცა პატივისცემით ყველას მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ გაუფრთხილდე ადამიანებს. ჩემი უპირველესი ამოცანა იყო, არასდროს მიმეცა ადამიანისთვის ისეთი შენიშვნა, რომელიც მის ღირსებას შელახავდა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ამოცანებისა და დავალებების ზუსტად დასახვასაც. საქმისთვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა ზუსტად უნდა იყოს ფორმულირებული და დელეგირებული იმ ადამიანებსა და გუნდზე, რომელთა მიმართაც გაქვთ მოლოდინი და რომელთაც ენდობით.
თქვენს ბიზნესებზეც რომ ვისაუბროთ, საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელი გაქვთ. რომელმიმართულებას გამოარჩევდით ფინანსური თვალსაზრისით და რომელთან გაქვთ ყველაზე დიდი ემოციური კავშირი?
როგორც ფინანსური, ისე ემოციური თვალსაზრისით ჩემთვის გამორჩეული ნავთობპროდუქტების ბიზნესი „სენტაა“. ამ საქმეს ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი, თითქმის 28 წელი, და ენერგია დავუთმე. ამ საქმეში დიდი წარმატებაც გვქონდა. როცა დავიწყე, საქართველოში ძირითადად უცხოური გიგანტი კორპორაციების შვილობილი კომპანიები იყო წარმოდგენილი. ისინი, ჩემი ბიზნესისგან განსხვავებით, ნულიდან არ აღმოცენებულან. ზოგადად, წამოწყება, რომელსაც დიდ დროს და ძალისხმევას ვახმარ და საკმაოდ წარმატებულია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხდება.
დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი პროექტი და მიმართულებაა კომპანია „ვესთ ფოინთი“, რომელიც ქუთაისში დაფუძნდა. $100 მილიონის ინვესტიციით ვავითარებთ პროექტს 120,000 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2008 წელს აუქციონზე შევიძინე. ეს გახლავთ ყოფილი ქუთაისის საავიაციო ტექნიკური ქარხნის ტერიტორია.
ამჟამად მიწის ნაწილზე განთავსებულია სავაჭრო ცენტრი, სადაც ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტია წარმოდგენილი. მიწის დარჩენილ მონაკვეთზე ვგეგმავთ ახალი უბნის აშენებას. პროექტი მოიაზრებს საცხოვრებელ ზონებს, სარეკრეაციო სივრცეებს, ახალ სავაჭრო და კომერციულ ზონებს. დაგეგმილია იმ სკვერის აღდგენაც, რომელიც ამ ტერიტორიაზე ადრე არსებობდა. პროექტის დასრულებას 2030 წლისთვის ვგეგმავთ.
პორტფელში გვაქვს ასევე „ფიგოლი“, რომელიც საკმაოდ მსხვილი ლოგისტიკური ჰაბია აჭარის რეგიონში. ის აერთიანებს სატვირთო მანქანების ავტოპარკს, სასტუმროს, სავაჭრო სივრცეებს, სათამაშო ბიზნესის ზონასა და გასართობ სივრცეებს. აღნიშნულ ბიზნესს პარტნიორებთან ერთად ვავითარებ.
ვავითარებთ ასევე უძრავი ქონებისა და სასტუმროს ბიზნესებს, ტექდათვალიერების ცენტრებს თბილისსა და ქუთაისში. საერთო ჯამში, დღეს 250-მდე ადამიანს ვასაქმებთ ჩვენს კომპანიებში.
მრავალფეროვან ბიზნესსაქმიანობასთან პირადი ცხოვრების ბალანსი შესაძლებელია?
რა თქმა უნდა, შესაძლებელია! ჩემთვის უპირველესია ჩემი ოჯახი – მეუღლე და შვილები, და მათთან ერთად ბედნიერი მომენტების განცდა.
გარდა ბიზნესსაქმიანობისა, მაქვს ძალიან ბევრი და განსხვავებული ინტერესიც. მთელი ცხოვრება და ენერგია სრულად ბიზნესს ან ერთი მიმართულებით სვლას არ უნდა დავუთმოთ. ცხოვრება ძალიან საინტერესოა და არ ვფიქრობ, რომ ადამიანის მთავარი მიზანი მატერიალური წარმატების მიღწევა უნდა იყოს.
გართობა, დასვენება, მოგზაურობა ჩემთვის ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც ჩემი ბიზნესის ფინანსური წარმატება. ძალიან მიყვარს სპორტი, შემიძლია გზაში გავატარო რამდენიმე საათი, ჩავიდე სხვა ქალაქში და იქ დავესწრო მატჩს.
ზოგადად, ადამიანები ფიქრისთვის ძალიან ცოტა დროს ვიტოვებთ, არ მგონია ეს სწორი. აუცილებელია ბალანსი საქმესა და პირად ცხოვრებას შორის. დროის ეფექტიანი მართვა არ გულისხმობს დროის მხოლოდ ბიზნესზე მიმართვას.
დრო სათანადოდ უნდა დაუთმო პირად ინტერესებს, მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. დღეს ბიზნესს ვუყურებ როგორც საშუალებას, რომელიც ბედნიერების მიღწევაში შეიძლება დამეხმაროს.
რა გჭირდებათ გადაწყვეტილებისთვის, რომელიმე ახალ მიმართულებაში ჩადოთ ინვესტიცია?
რამდენიმე ფაქტორია. პირველ რიგში, რაციონალური მიდგომაა საჭირო — უნდა ვიცოდე პასუხები კითხვებზე, რამდენად მოგებიანია სექტორი, რამდენად საინტერესოა თავად ბიზნესი. მეორე ფაქტორია ადამიანური ფაქტორის მინიმალიზების შესაძლებლობა. ჩემთვის პრიორიტეტულია, ბიზნესი მთლიანად არ იყოს დამოკიდებული ადამიანურ ფაქტორებზე. თუკი ბიზნესის მართვისას ბევრი ადამიანის გადაწყვეტილებაზე ვხდები დამოკიდებული, ეს ჩემთვის აღარ არის საინტერესო.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პარტნიორებს და მათ რაოდენობასაც. ამ მიმართულებით სამწუხარო გამოცდილებებიც დამიგროვდა. ხანდახან პარტნიორობა არ არის მყარი, ან პარტნიორობის სქემა არ მუშაობს. ასეთ დროს რჩები იმედგაცრუებული, ამიტომ ახალ წამოწყებებში ვცდილობ თავი ავარიდო ამგვარ სტრუქტურაში ჩართვას.
ბატონო ზაალ, ვისთან ერთად მართავთ ბიზნესებს?
ბიზნესების მართვაში 16 წლის ასაკიდან ჩართულია ჩემი ქალიშვილი, ანა მარია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტ NYU-ის სტუდენტია და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის მიმართულებით იღებს განათლებას.
ამავდროულად, მყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბიზნესის საუკეთესო ინტერესებით ხელმძღვანელობს. ზოგადად, ძირითადი საქმიანობა გუნდზე მაქვს დელეგირებული. ჩემი ფუნქცია სტრატეგიული და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გამოიხატება. საოპერაციო საქმიანობაში ჩემს ადგილს და ჩართულობის საჭიროებას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რომ ასეა სწორი.
ყველაზე ხშირად რის გამო იღებდით საქმიან კრიტიკას თქვენი ქალიშვილისგან?
შენიშვნებს არ ვიღებ მისგან. თუმცა ანა მარიასთან საუბრის დროს მიგრძნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადამიანების მიმართ ზედმეტი ნდობა გამოვიჩინე, რასაც კარგი შედეგი არ მოჰყოლია. ეს პირდაპირ არასდროს უთქვამს, თუმცა მენიშნა, რომ გადამეტებული ნდობა არ მოსწონს.
საუბარში ჩართვა ვთხოვეთ ანა მარიას, რომელიც რამდენიმე წელია, ბიზნესს მამასთან ერთად მართავს.
ანა მარია, პორტფელიდან რომელმიმართულებას გამოარჩევდით და რატომ?
ჩემთვის სასტუმროს ბიზნესია გამორჩეული. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია სასტუმროს მართვაში უშუალოდ ჩართული არ იყო. თავდაპირველად, თბილისში მდებარე სასტუმრო მოიაზრებოდა კომპანიის საკუთრებაში მყოფ ერთ-ერთ შენობად, რომელიც იჯარის სახით შემოსავლის წყარო იყო.
თუმცა, რამდენიმე წლის წინ იტალიაში მოგზაურობის შემდეგ, მილანური სერვისით ინსპირირებულს, დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ სასტუმრო თავად გვემართა.
ზოგადად, ოჯახი ერთად ხშირად ვმოგზაურობთ. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის ბევრ და განსხვავებულ სასტუმროსთან გვაქვს შეხება. ვცდილობ, რომ ამ გამოცდილებებიდან მიღებული საუკეთესო ასპექტები ჩვენს სასტუმრო „არტ ბუტიკ ჰოტელში“ გამოვიყენო.
ტურიზმის სფეროს განვითარების პოტენციალი საქართველოში საკმაოდ მაღალია და ამასთან, ბოლომდე ათვისებული არ არის. ამიტომ, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ძალიან მინდა, ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ამ სექტორის განვითარებაში.
ანა მარია, ყველაზე საინტერესო გამოცდილება რა იყო მას შემდეგ, რაც ბიზნესის მართვაში ჩაერთეთ?
სიმართლე გითხრათ – ყველაფერი. შესაძლოა ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ბიზნესში ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს ვდგამ და ამ ეტაპზე თითოეული ასპექტი საინტერესოდ მეჩვენება.
განსაკუთრებით საინტერესოა მოლაპარაკებებზე დასწრება. არდადეგების დროს ყოველდღიურად დიდ გამოცდილებას ვიღებ მამისგან და სხვა ქართული თუ უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებისგან.
ასევე, ძალიან ბევრს ვსწავლობ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისგან – მათი გამოცდილება და ამაგი ფასდაუდებელია. მათთან ძლიერი ემოციური კავშირი მაქვს.
ანა მარია, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და ინჟინერიის მიმართულებით სწავლობთ. ფიქრობთ ბიზნესპორტფელში ტექნოლოგიური ბიზნესის დამატებას?
ტექნოლოგიურ სფეროში წარმატება დიდ ძალისხმევას, ნიჭს, კრეატივს და სპეციფიკურ განათლებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა მაქვს, რომლებსაც განვიხილავ ამ სფეროს ექსპერტებთან. თუმცა ეს იდეები და გეგმები მხოლოდ საწყის ეტაპზეა და ნელ-ნელა ყალიბდება.
ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ თაობათა შორის განსხვავება კომპანიის კულტურაზე დიდ გავლენას ახდენს. თქვენ რა განსხვავებებს ხედავთ მამათქვენისა და მართვის თქვენებურ სტილს შორის?
მამა ძალიან პროგრესულია, ჩემი ყოველგვარი გავლენის გარეშე, და ეს კომპანიის კულტურაზე ცალსახად აისახება.
რაც შეეხება მართვის სტილს, ის უფრო მეტად ერთპიროვნული მმართველია. მისი გამოცდილება, შეუპოვრობა და სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი განაპირობებს კომპანიების წარმატებით ოპერირებას.
რაც შემეხება მე, მართვის დემოკრატიულ სტილს ვემხრობი. ამით ვეცდები, თანამშრომლებს, მენეჯერებს და დაქირავებულ დირექტორებს დავეხმარო საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენასა და კარიერული მიზნების მიღწევაში.
ინტერვიუს დასასრულს უნდა გკითხოთ, როგორია თქვენი გეგმები?
ზაალ იაკობიძე: გარემო ჩვენ ირგვლივ ძალიან სწრაფად იცვლება და ბევრი შესაძლებლობა ჩნდება. ჯერჯერობით მზად ვარ, ახალ წამოწყებებში ჩავერთო, ვიფიქრო ახალ იდეებზე. შესაძლოა, სრულიად ახალ საქმეშიც აღმოვჩნდე. მართალია, ვცდილობ, ბევრი საქმე არ დამემატოს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ბიზნესი აზარტია და როდესაც ახალ სფეროში ჩნდება ინტერესები, ჩემდაუნებურად ვერთვები.
თუმცა ახლა მთავარი ფოკუსი ქუთაისში ჩვენი პროექტის განვითარებასა და დასრულებაზეა მიმართული.
ანა მარია იაკობიძე: როგორც წესი, გეგმებზე წინასწარ საუბარი დიდად არ მიყვარს. თუმცა გეტყვით, რომ ვაპირებ, NYU-ში სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დავბრუნდე და მამის ბიზნესსაქმიანობა განვავითარო. ამასთან ერთად, ჩემს თავს ვხედავ საავიაციო სექტორში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად.
გარდა ამ მიმართულებებისა, მსურს შევქმნა უმაღლესი დონის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მოვიწვიო უცხოელი სპეციალისტები და ლექტორები, და დავნერგო საერთაშორისო სტანდარტის განათლების ხარისხი საქართველოში.
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
S