ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოდან 54.5 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი 26%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულებამ $156.7 მილიონი შეადგინა, რაც 24%-ით მეტია 2023 წლის პირველი ორი კვარტალის მაჩვენებელზე. ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტი წლის პირველ ნახევარში 61 ქვეყანაში განხორციელდა.
2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად კანადაში გაიზარდა. ზრდამ 110% შეადგინა, ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ კი 121.3 ათასი ლიტრი. 19%-ით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი პოლონეთში, სადაც ჯამში 3.1 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო გავიდა. 53%-იანი ზრდა არის აშშ-ის მიმართულებაზე, 34%-იანი ზრდა კი გერმანიაზე. 47%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი თურქეთშიც.
აღსანიშნავია, რომ მკვეთრი ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების ექსპორტშიც. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, პირველი ექვსი თვის განმავლობაში 45 ქვეყანაში 23.4 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმლის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი 55%-ით აღემატება გასული წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს. სპირტიანი სასმელების ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა ორი კვარტალის შემდეგ $132.8 მილიონი შეადგინა.