საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 29.8%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა – 103.25 მილიონი აშშ დოლარი, ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ კი 35 603 ტონა შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი წარმოების საექსპორტო სასაქონლო რეიტინგში ღვინო მეორე პოზიციას იკავებს. მისი წილი ამ მაჩვენებლით 8.4%-ს, მთლიან ექსპორტში კი 4.1%-ს შეადგენს. მთლიანი ექსპორტის რეიტინგში ღვინო მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი.
წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობა და მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის მაჩვენებელი რეკორდულია.
რუსეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის მაჩვენებელი პირველი ხუთი თვის განმავლობაში ღირებულებით – 49.9%-ით, მოცულობით კი – 47.9%-ით გაიზარდა. სანაცვლოდ, ქართული ღვინის ექსპორტი ევროკავშირში ამავე პერიოდში 10.4%-ითაა შემცირებული. ევროკავშირში ექსპორტირებული ღვინით მიღებულმა შემოსავალმა 11.55 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ღვინის მოცულობამ – 3,673 ტონა შეადგინა.
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში რუსეთის შემდეგ, რომელსაც 66.7%-იანი წილი უჭირავს, მეორე პოზიციას პოლონეთი ($5.4 მლნ), მესამეს კი ჩინეთი ($5.1 მლნ) იკავებს. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში ვხვდებით უკრაინასა ($4.9 მლნ) და ყაზახეთსაც ($4 მლნ). მე-6 პოზიციას $3.1 მილიონის ღირებულების ღვინით ბელარუსი, ხოლო $1.9 მილიონის ღირებულების ექსპორტირებული ღვინით აშშ იკავებს. გერმანია ($1.8 მლნ), ლატვია ($1.6 მლნ) და ლიეტუვა ($823 ათასი) კი ათეულში ბოლო 3 პოზიციას ინაწილებენ.