ინსტიტუციური ინვესტორი (ინგლისურად Institutional Investor) არის კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც სხვა ადამიანების ფულის ინვესტირებას ახორციელებს. ინსტიტუციური ინვესტორის მაგალითებია საპენსიო ფონდები, სუვერენული ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, ბანკები და სხვა. ისინი დიდი მოცულობით ყიდულობენ აქციების, ობლიგაციებისა და სხვა ფინანსური ქაღალდების პაკეტებს, რასაც ხელს მათი კაპიტალის სიუხვე უწყობს.
რადგან ინსტიტუციური ინვესტორები საკუთარი ფულით არ მოქმედებენ, ისინი შუალედური რგოლი არიან კაპიტალის მობილიზაციასა და ინვესტირებაში. შეიძლება ითქვას, თავისუფალი კაპიტალის განთავსებას ახორციელებენ.
დღეს ინსტიტუციური ინვესტორები უამრავი დიდი კომპანიის აქციების მსხვილ პაკეტებს ფლობენ, რაც მათ საშუალებას აძლევთ, აღნიშნული კომპანიის მართვაშიც მიიღონ მონაწილეობა.