ფულის მასა, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ ფულის მიწოდების სახელით, არის კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ეროვნული ვალუტის მოცულობა, რომელიც ან ნაღდი ფულის სახითაა, ან კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზეა განთავსებული. ფულის მასის ზრდა ანუ ფულის მიწოდება ეროვნულ/ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკით შეუძლია.
ფულის მასის გასაზომად რამდენიმე მაჩვენებელს იყენებენ. ამ მაჩვენებლებს ფულის მასის აგრეგატებს უწოდებენ და “M0“, “M1“ და “M2“ სიმბოლოებით გამოსახავენ. “M0“ მოიცავს მხოლოდ ბანკებს გარეთ, მიმოქცევაში არსებულ ეროვნულ ვალუტას. “M1“ მოიცავს ბანკებს გარეთ არსებულ ნაღდ ფულს (M0) და ბანკებში არსებულ მოთხოვნამდე დეპოზიტებს ეროვნული ვალუტით. “M2“ მოიცავს “M1“-ს და ბანკებში განთავსებულ ვადიან და შემნახველ დეპოზიტებს ეროვნული ვალუტით. თებერვლის ბოლოს საქართველოში “M0“ იყო 3.2 მილიარდი ლარი, “M1“ – 10.3 მილიარდი ლარი და “M2“ იყო 15.6 მილიარდი ლარი.