ქსელური მარკეტინგი (ინგლისურად Network Marketing) არის საქონლის ან მომსახურების მიწოდების ისეთი მეთოდი, როდესაც მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება დისტრიბუტორთა ქსელის მეშვეობით ხორციელდება. დისტრიბუტორთა ქსელის თითოეულ წევრს აქვს ფასდაკლება გასაყიდ პროდუქტზე ან შემოსავალს იღებს ბონუსის სახით გაყიდვების რაოდენობიდან გამომდინარე.
სიტყვა „ქსელური“ გამომდინარეობს იქიდან, რომ დისტრიბუტორთა ქსელის თითოეული წარმომადგენელი ცდილობს, თავადაც შექმნას დისტრიბუტორთა ქსელი, რომლის წევრებიც მის მიერ მიწოდებულ პროდუქციას გაყიდიან და ა.შ. მაგალითად, დავუშვათ, გარკვეული საქონლის მწარმოებელს ემსახურება 10 დისტრიბუტორი. ამ 10 დისტრიბუტორს შეუძლია, თითომ კიდევ 10 დისტრიბუტორი დაიხმაროს მატერიალური დაინტერესების გზით. გახდებიან 100 დისტრიბუტორი. ამ 100-ს შეუძლია კიდევ დამატებით დისტრიბუტორები შემოიერთოს და ა.შ., შეიქმნება დისტრიბუტორთა ქსელი.
ქსელური მარკეტინგის დროს, რადგან დისტრიბუტორები გასაყიდ პროდუქციას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყიდულობენ, თვითონაც ამ პროდუქციის მომხმარებლები ხდებიან და, აქედან გამომდინარე, მწარმოებელ კომპანიას უკვე ჰყავს კლიენტები დისტრიბუტორების სახით.