რეგრესული გადასახადი (ინგლისურად Regressive Tax) არის დაბეგვრის ისეთი სახეობა, როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო ნაკლები პროცენტით იბეგრებიან, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონენი.
დღევანდელ მსოფლიოში რეგრესული დაბეგვრის სისტემა საშემოსავლო და მოგების გადასახადებში არ გვხვდება, ანუ, მაგალითად, ვისაც ხელფასი 1,000 დოლარამდე აქვს, ის იხდიდეს 20% საშემოსავლოს და ვისაც 1,000 დოლარზე მეტი აქვს, ის 20%-ზე ნაკლებად იბეგრებოდეს. თუმცა რეგრესული გადასახადები გვხვდება ე.წ. არაპირდაპირ გადასახადებში, ანუ როცა გადასახადი საქონლისა და მომსახურების ფასშია შეტანილი და მას მომხმარებელი ამ საქონლისა და მომსახურების შეძენისას იხდის. მაგალითად, ასეთია აქციზის გადასახადი, თუ ის ფიქსირებულად, რაოდენობაზე არის დაწესებული. როდესაც მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი ადამიანები იყიდიან სიგარეტს, მაღალშემოსავლიანი ადამიანი თავისი შემოსავლის გაცილებით ნაკლებ პროცენტს გადაიხდის აქციზის გადასახადში, ვიდრე დაბალშემოსავლიანი ადამიანი. სწორედ ეს არის რეგრესული გადასახადის ბუნება.