საავტორო უფლება (ინგლისურად Copyright) არის სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ცნება და ნაწარმოების ავტორის უფლებას ასახავს. საავტორო უფლებები იცავს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში შექმნილ ყველა ნამუშევარს, მისი გამოსახვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად. საავტორო უფლებებით შეიძლება დაცული იყოს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ხარისხისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
საავტორო უფლებების მფლობელია ნაწარმოების ავტორი (მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, არქიტექტორი და ა.შ.). საავტორო უფლება მის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, მის მიერ შექმნილი ინტელექტუალური პროდუქტისგან ფინანსური სარგებელი მიიღოს. მაგალითად, როდესაც კონკრეტული კომპოზიტორის დაწერილ სიმღერას სხვა გამოიყენებს, ამისთვის ამ კომპოზიტორს ფული უნდა გადაუხადოს.
საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე.