რა ეტაპზეა TikTok-ის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები?

რა ეტაპზეა TikTok-ის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები?

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით, ჩინური სოციალური პლატფორმა TikTok-ის გაყიდვისთვის მიცემული ვადა 5 აპრილს იწურება. ტრამპი თარიღის კიდევ ერთხელ გადაწევის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა პარალელურად, ქსელის ამერიკული ოპერაციების შეძენით დაინტერესებულ ჯგუფებთან მოლაპარაკებებს მართავს. უახლესი ცნობებით, TikTok-ის გაყიდვის პოტენციურ გარიგებაში წამყვანი როლი შესაძლოა პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა Oracle-მა ითამაშოს.

აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის თარიღის მოახლოების მიუხედავად, პლატფორმის ამერიკული ოპერაციების შეძენაზე ოფიციალური შეთავაზება არავის გაუკეთებია. ჩინურ პლატფორმაზე მოლაპარაკებებს ტრამპის ადმინისტრაციიდან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უძღვება.

როგორც ვენსმა პარასკევს, NBC News-სთან განაცხადა, TikTok-ის გაყიდვაზე „მაღალი დონის შეთანხმება“ 5 აპრილამდე აუცილებლად მიიღწევა. მისივე თქმით, შეთანხმება ერთდროულად აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს და TikTok-ს დამოუკიდებელ ამერიკულ ბიზნესად არსებობის საშუალებას მისცემს.

TikTok-ის ამერიკული ოპერაციების გაყიდვაზე განცხადება 10 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმაც გააკეთა. ტრამპს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ TikTok-ის შეძენაზე მისი ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს ოთხ სხვადასხვა ჯგუფთან აწარმოებს. „ოთხივე მათგანი ძალიან კარგი კანდიდატია და გარიგება, შესაძლოა უახლოეს მომავალში შედგეს“, – დასძინა ტრამპმა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად აშშ-ის პრეზიდენტს ეს ოთხი ჯგუფი არ დაუსახელებია, Politico და The Information-ი წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ში TikTok-ის ოპერაციების შესყიდვის გარიგებას პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული გიგანტი Oracle-ი გაუძღვება.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, Politico იტყობინება, რომ თეთრი სახლი Oracle-თან შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. გარიგება კომპანიას TikTok-ის ამერიკულ ოპერაციებზე წვდომას მისცემს, ხოლო Oracle-ი ამ მონაცემების ჩინეთის მთავრობისგან საიდუმლოდ შენახვის ვალდებულებას აიღებს.

მიუხედავად ამისა, Politico-ს ინფორმაციით, შეთანხმება ByteDance-ის ალგორითმის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რაც აშშ-ის მთავარ მოთხოვნას ეროვნული უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, ეჭვქვეშ აყენებს. ალგორითმის შენარჩუნებით, არსებობს შანსი, რომ ჩინეთის მთავრობას წვდომა ამერიკელი მომხმარებლის მონაცემებზე კვლავ ექნება.

TikTok-ის ოპერაციების გაყიდვაზე მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზე ჯერ არ გადასულა, თუმცა, Politico-ს ინფორმაციით, Oracle-ი გარიგების დაჩქარებაზე მუშაობს და კომპანიის ოფიციალური პირები, უახლოეს დღეებში, თეთრ სახლში ვიზიტსაც გეგმავენ. მაგრამ თავად ვიცე-პრეზიდენტი ვენსი 5 აპრილისთვის შეთანხმების დახურვის პირობას არ დებს, თუმცა ვარაუდობს, რომ გარიგების ძირითად პუნქტებზე თანხმობა მხარეებს შორის ამ პერიოდისთვის უკვე მიღწეული იქნება.

შეგახსენებთ, TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance-ისთვის სოციალური ქსელის ამერიკული ბიზნესის გასაყიდად მიცემული თავდაპირველი ვადა 2024 წლის 19 იანვარს ამოიწურა. ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, პლატფორმა უნდა აკრძალულიყო, თუმცა ბაიდენის გადაწყვეტილება ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ დამატებით 75 დღით გაახანგრძლივა. ამჟამინდელი გეგმით, TikTok-ის აკრძალვის თარიღად მიმდინარე წლის 5 აპრილია განსაზღვრული.