კერძო სამხედრო ორგანიზაციის, Wagner-ის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ გუშინ ღამით გავრცელებული განცხადების შემდეგ, რუსეთში ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. პრიგოჟინმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც უკრაინაში „ვაგნერელთა“ ბანაკები საარტილერიო სისტემებით, სავარაუდოდ, ზურგიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაიბომბა.
მოგეხსენებათ, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ელიტას, თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში უკვე დიდი ხანია ადანაშაულებს. მისივე განმარტებით კი, „ვაგნერელთა“ ბანაკის დაბომბვა სწორედ მის მოწოდებებს მოჰყვა.
ევგენი პრიგოჟინი გუშინ ღამით გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ „ვაგნერის“ სარდლობის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი შეცდომები შეაჩეროს. პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო შენაერთებს თავდაცვის მინისტრისა და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გალაშქრებისაკენ მოუწოდა. მისივე განმარტებით, რუსულ შეიარაღებულ ძალებში სამართლიანობის აღდგენის შემდეგ, სამართლიანობა მთელი რუსეთისთვის აღდგება. მიზნის მიღწევის შემდეგ კი, პრიგოჟინი ფრონტის ხაზზე დაბრუნებას გეგმავს.
გავრცელებული განცხადების შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. ამიტომ გთავაზობთ მოვლენათა ქრონოლოგიურ განვითარებას:
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ბრალდებები ოფიციალურად უარყო და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე ბრძოლას აგრძელებს.
- პრიგოჟინმა საკუთარი სამხედრო შენაერთების დახმარებით ქალაქ როსტოვის ბლოკირება მოახდინა და შოიგუსა და გერასიმოვთან შეხვედრა მოითხოვა. პრიგოჟინმა განმარტა, რომ მისი მოწოდება არ არის სამხედრო გადატრიალების მცდელობა. „ეს არის სამართლიანობის მარში“ – განაცხადა მან.
- რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით.
- კრემლი ყველა ვიზიტორისათვის დაიხურა გაურკვეველი დროით. რუსულ სახელმწიფო მედიებს პრიგოჟინის განცხადებების გაშუქება აეკრძალათ.
- კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვაგნერთან“ დაკავშირებული მოვლენების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უსაფრთხოების სამსახურები, სამართალდამცავი უწყებები, თავდაცვის სამინისტრო, FSB, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული გვარდია აწვდის.
- რუსეთის სამხრეთ რეგიონის, როსტოვის გუბერნატორი მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს. მთელ რუსეთში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ამოქმედდა.
- ვორონეჟის რეგიონის ხელმძღვანელობა მოსახლეობას მთავარი მაგისტრალის, M-4-ის გამოყენებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს. გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინი „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად მოსკოვის მიმართულებით სწორედ ამ გზით გადაადგილდება. მოგვიანებით, M-4 მაგისტრალის სრულად ბლოკირება მოხდა.
- რუსულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა ვორონეჟის რეგიონში, M-4 მაგისტრალზე „ვაგნერელთა“ კოლონებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.
- მოსკოვის მერმა დედაქალაქში ანტიტერორისტული ზომების მიღების ბრძანება გასცა. ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. ქუჩებში გამოჩნდნენ ჯავშანტრანსპორტიორები.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამის არხზე გავრცელებული განცხადების თანახმად, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა მებრძოლები შეცდომაში განზრახ შეიყვანა. სამინისტრო მებრძოლებს პრიგოჟინის ქმედებების დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებს.
- როსტოვის შემდეგ, „ვაგნერის“ დაჯგუფებამ ქალაქი ვორონეჟიც დაიკავა.
- სატელევიზიო განცხადება გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ ჯგუფის შეიარაღებული ამბოხი სახელმწიფო ღალატია და ყველა, ვინც რუსი სამხედროების წინააღმდეგ იარაღს აიღებს, მკაცრად დაისჯება.
- განცხადება გაავრცელა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც. ის „ვაგნერის“ სამხედრო ამბოხების წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტს დახმარებას სთავაზობს.
- რუსეთის პრეზიდენტმა არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდ ლუკაშენკოსთან. ბელარუსის ოპოზიციური მედიების ინფორმაციით, ლუკაშენკომ საკუთარი ოჯახი თურქეთში გადაიყვანა.