ევროკომისიამ დღეს უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
საქართველომ ევროკომისიისგან მხოლოდ კანდიდატობის პერსპექტივა მიიღო. კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა ქვეყანამ მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება.
გთავაზობთ იმ პირობების ჩამონათვალს, რომლებიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს:
- 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;
- ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი ფუნქციონირების გარანტია; მათი დამოუკიდებლობის, ეფექტური ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება. საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და OSCE/ODIHR-ის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა.
- სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება; ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა; განსაკუთრებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროკურატურისა და ყველა სხვა სამართლებრივი ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირება; უნდა გამოსწორდეს ყველა ხარვეზი უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნასთან დაკავშირებით; უნდა განხორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
- უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის დონე და ინსტიტუცია უნდა აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრ განხილვასთან დაკავშირებით. ახალი სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები უნდა აღიჭურვონ შესაბამისი რესურსებითა და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
- უნდა განხორციელდეს „დეოლიგარქიზაციის“ სტრატეგია – ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა აღმოიფხვრას ზედმეტი გავლენა.
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება საფრთხეების დეტალური ანალიზზე დაფუძნებით, საფუძვლიანი გამოძიების, და მართლმსაჯულების აღსრულების დემონსტრირებით. სამართალდამცავი უწყებების ანგარიშვალდებულების გარანტირება;
- უნდა გადაიდგას უფრო ძლიერი ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. მათ შორის, სამართლებრივი ბრალდებები მედიამმართველების მიმართ უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს. ეფექტიანად უნდა იქნას გამოძიებული მუქარები ჟურნალისტებისა და მედიაპროფესიონალების მიმართ.
- უნდა გადაიდგას მყისიერი ნაბიჯები, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები. მათ შორის, გაძლიერდეს გამოძიებები ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით.
- უნდა განმტკიცდეს გენდერული თანასწორობა და საქართველო უნდა ებრძოლოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.
- უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე.
- მიღებულ იქნას კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს სასამართლოებს შესაძლებლობას მისცემს სასამართლო განხილვისას პროაქტიულად გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
- ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და ეს პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ; საქართველომ უნდა უზრუნველყოს ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობა.