ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაწეული ხარჯები რეკორდული იქნება. მოსალოდნელი $15.9-მილიარდიანი დანახარჯით, წლევანდელი არჩევნები, სავარაუდოდ, 2020 წლის რეკორდულ $15.1 მილიარდს გადაუსწრებს, მასთან შედარებით კი ბევრად უმნიშვნელოა 2016 წლის არჩევნები, როდესაც მხოლოდ $6.5 მილიარდი დაიხარჯა.
პრეზიდენტობისთვის რბოლაში, კამალა ჰარისის კამპანიის კომიტეტმა – PAC-ების გარეთ – $1.6 მილიარდის მოგროვება შეძლო. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მიერ მოზიდული თანხა კი – $1.1 მილიარდს უტოლდება. საერთო ჯამში, ორივე კანდიდატმა ერთად $2.7 მილიარდის შეგროვება შეძლო, რაც დაახლოებით $700 მილიონით უფრო მეტია, ვიდრე 2020 წელს, ტრამპისა და ბაიდენის დაპირისპირებისას მიღებული შემოწირულება.
როგორც ჰარისის, ასევე ტრამპის დონორთა შორის არაერთი მილიარდერი ირიცხება. Forbes-ის ანგარიშით, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა მხარდასაჭერად თანხა 135-მა მილიარდერმა გაიღო: 83-მა ჰარისის, ხოლო 52-მა დონალდ ტრამპის კამპანიისთვის.
ჰარისის მხარდამჭერ მილიარდერთა შორის არიან მაიკლ ბლუმბერგი, ბილ გეიტსი, მელინდა ფრენჩ გეიტსი, ლორენ პაუელი და ა.შ. მათგან მაიკლ ბლუმბერგმა და ბილ გეიტსმა, დემოკრატთა კანდიდატის კამპანიისთვის $50 მილიონზე მეტი გაიღეს. რაც შეეხება ტრამპს, მან თითქმის მეოთხედი მილიარდი დოლარი მხოლოდ ორი დონორისგან – ტიმოთი მელონისგან და ილონ მასკისგან მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა ტრამპის მხარდამჭერ PAC-ებს $120 მილიონზე მეტი შესწირა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა წლევანდელ არჩევნებში საკუთარი რეკორდი მოხსნა, როგორც ყველაზე მდიდარმა საპრეზიდენტო კანდიდატმა. ტრამპის ქონება, მის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის კომპანია Truth Social-ის დამსახურებით, ოქტომბერში $8 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა Truth Social-ის აქციების ფასის კლების გავლენით, Forbes-ის შეფასებით, ტრამპის ქონება ახლა $6 მილიარდამდეა შემცირებული. ჰარისის ქონება ტრამპის სიმდიდრის მხოლოდ 0.1%-ს შეადგენს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.