რამდენ საათს მუშაობენ ყოველწლიურად OECD-ის წევრ სახელმწიფოებში?

რამდენ საათს მუშაობენ ყოველწლიურად OECD-ის წევრ სახელმწიფოებში?

სხვადასხვა სახელმწიფოში არსებული სამუშაო საათების შედარება ამ ქვეყნების სამუშაო კულტურული ნორმების, ეკონომიკური პროდუქტიულობისა და შრომითი კანონების შესახებ ბევრ ინფორმაციას იძლევა. სტატიაში წარმოგიდგენთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა მოსახლეობის წლიური საშუალო სამუშაო საათების შედარებას. გაითვალისწინეთ, რომ მონაცემები მოიცავს როგორც სრულ, ისე ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულთა საშუალო წლიურ სამუშაო საათებსაც.

მონაცემები აღებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშიდან და ასახავს 2021 წლის ბოლოსათვის არსებულ მდგომარეობას, რაც უახლესი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, ორგანიზაციაში საბაზრო ეკონომიკის მქონე 38 სახელმწიფო ერთიანდება. ორგანიზაციის წევრები ევროკავშირის სახელმწიფოების გარდა ავსტრალია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ისრაელი, იაპონია, კორეა, მექსიკა, ახალი ზელანდია, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ არიან. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არ არის OECD-ის წევრი.

აღნიშნული სახელმწიფოებიდან წლიური საშუალო სამუშაო საათების ყველაზე დიდი მაჩვენებელი მექსიკაშია და 2,137 საათს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის პოლიტიკას ასახავს, რომლის მიხედვითაც, სამუშაო კვირაში ექვსი დღეა. გამოდის, რომ ქვეყანაში წლის განმავლობაში საშუალოდ 267 8-საათიანი სამუშაო დღეა.

კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც 2,000-იან ნიშნულს აჭარბებს, კოსტა-რიკაა. კოსტა-რიკაში წლიური საშუალო სამუშაო საათების რაოდენობა 2,073-ს შეადგენს.

ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე ცოტას გერმანიაში, დანიასა და ლუქსემბურგში მუშაობენ. წლიური სამუშაო საათების საშუალო რიცხვი აქ 1,350-დან 1,382-მდე მერყეობს. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ამ სახელმწიფოებში შრომითი კანონები ინდივიდებზეა ორიენტირებული.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაკლები სამუშაო საათები პროდუქტიულობის კლებას სულაც არ ნიშნავს. მაგალითისათვის, გერმანია ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახლავთ.

წარმოგიდგენთ ყველაზე დიდი წლიური საშუალო სამუშაო საათების მქონე, OECD-ის წევრი ქვეყნების ათეულს:

ქვეყანაწლიური საშუალო სამუშაო საათები
მექსიკა2,128
კოსტა-რიკა2,073
კოლუმბია1,964
ჩილე1,916
სამხრეთი კორეა1,910
საბერძნეთი1,872
პოლონეთი1,830
აშშ1,791
ირლანდია1,775
ესტონეთი1,767