2017 წელს მსოფლიოში საერთაშორისო ვაჭრობამ 17.6 ტრილიონი დოლარი შეადგინა. სტატიაში განვიხილავთ 2017 წლის 10 ყველაზე მსხვილ საექსპორტო პროდუქციას.
აღნიშნული პროდუქციის ექსპორტით ქვეყნები ათობით და ასობით მილიარდ დოლარს შოულობენ (შედარებისთვის, საქართველოს წლიური ექსპორტი სულ 3.6 მილიარდი დოლარია). ასეთ დარგებში კონკურენტუნარიანობის მოპოვება ნებისმიერი ქვეყნის შემოსავლების სწრაფად ზრდას გამოიწვევს. სტატიას 2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ვწერთ, რადგან 2018 წლის მონაცემები ჯერ დაზუსტებული არ არის.
10. თხევადი გაზი – $ 272 მილიარდი
2017 წელს მსოფლიოში 272 მილიარდი დოლარის გაზის ექსპორტი განხორციელდა. გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით პირველ ადგილზე ყატარია, რომელმაც 2017 წელს 29 მილიარდი დოლარი მიიღო. შემდეგ მოდის ნორვეგია 27 მილიარდი დოლარით. მესამე ადგილზეა აშშ22 მილიარდი დოლარით. აქ იგულისხმება ქვეყნის ტერიტორიაზე მოპოვებული გაზის ექსპორტის ღირებულება და არა ამ ქვეყნების კომპანიების მიერ ექსპორტირებული გაზი (ქვემოთ განხილული სხვა პროდუქტების ექსპორტიც იმავე მეთოდოლოგიით გამოიანგარიშება). გაზის წარმოების მიხედვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც წლიურად 766 მილიარდი კუბური მეტრი იწარმოება. მეორე ადგილზე რუსეთია 636 მილიარდი კუბური მეტრით.
9. ოქრო – $ 321 მილიარდი
ოქროს ექსპორტმა 2017 წელს 321 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქ იგულისხმება გადაუმუშავებელი ოქრო, ანუ ოქროს ნივთების გარეშე ექსპორტი. ოქროს მსოფლიო ექსპორტის 21% შვეიცარიაზე მოდის, რაც 68 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზე ჰონკონგია 52 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე აშშ – 20 მილიარდი დოლარით. ოქროს სამკაულების ექსპორტშიც შვეიცარიაა პირველ ადგილზე 11.2 მილიარდი დოლარით, ხოლო მეორე ადგილზე ჩინეთია 11.1 მილიარდით. ოქროს წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ჩინეთია – წლიურად 400 მეტრულ ტონა ოქროს აწარმოებს. მეორე ადგილზე ავსტრალიაა, ხოლო მესამე ადგილზე – რუსეთი.
8. მედიკამენტები – $ 329 მილიარდი
მედიკამენტების ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება. 2017 წელს 329 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ექსპორტზე 11%-ით მეტია. ყველაზე მეტი პროდუქცია ექსპორტზე გერმანიამ გაიტანა – 54 მილიარდი დოლარის. შემდეგ მოდის შვეიცარია 41 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე ბელგიაა 27 მილიარდი დოლარით. ჯამში, ევროპულ ქვეყნებზე მოდის ექსპორტის 80%. მედიკამენტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლები აშშ და ევროპული ქვეყნებია. თუმცა სწრაფად იზრდება ინდოეთის წილიც, რომელიც ექსპორტში მე-10 ადგილზეა.
7. კომპიუტერები – $ 334 მილიარდი
2017 წელს მსოფლიოში 334 მილიარდი დოლარის კომპიუტერების ექსპორტი განხორციელდა. 2016 წელთან შედარებით ექსპორტი 13%-ით გაიზარდა. ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ჩინეთია 142 მილიარდი დოლარით, რაც საექსპორტო ბაზრის 41%-ია. მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 26 მილიარდი დოლარის კომპიუტერების ექსპორტით. მესამეზეა აშშ 25 მილიარდი დოლარით. ჩინეთის დომინირება იმითაა განპირობებული, რომ ჩინურ ბრენდ „ლენოვოს“ კომპიუტერების ბაზრის დაახლოებით მეოთხედი უჭირავს. ამასთან, სხვა ქვეყნების ბრენდებიც აწყობენ კომპიუტერებს ჩინეთში. სამი ამერიკული კომპანიიის: HP-ის, დელის და ეფლის კომპიუტერებს მსოფლიო ბაზრის 45% უჭირავს.
6. ავტომობილების ნაწილები – $ 389 მილიარდი
ავტომობილების ნაწილების ექსპორტმა 389 მილიარდი დოლარი შეადგინა და მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მე-6 ადგილი დაიკავა. ნაწილების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გერმანიაა – 63 მილიარდი დოლარით და მსოფლიო ექსპორტის 16%-იანი წილით. მეორე ადგილზეა აშშ 45 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე – იაპონია 35 მილიარდით. სწრაფად იზრდება ჩინეთიდან ავტომობილების ნაწილების ექსპორტი, რომელმაც 2017 წელს 31 მილიარდი დოლარი შეადგინა. ნაწილებით ვაჭრობაში ყველაზე დიდი დადებითი ბალანსი იაპონიას აქვს – 26 მილიარდი დოლარით, შემდეგ კი გერმანიას 21 მილიარდით. ყველაზე მაღალი დეფიციტი კი აშშ-ს აქვს – 21 მილიარდი დოლარით.
5. ტელეფონები – $ 562 მილიარდი
ტელეფონებისა და მისი ნაწილების ბაზარი ერთ- ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. მხოლოდ მათ ექსპორტზე 562 მილიარდი დოლარი მოდის. ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ჩინეთია – 127 მილიარდი დოლარით. ამას ძირითადად „ლენოვო“, „ჰუავეი“ და „სიაომი“ (xiaomi) განაპირობებს. ექსპორტში მეორე ადგილზე ვიეტნამია 32 მილარდი დოლარით, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ბრენდები ამზადებენ ტელეფონებს. მესამეზე ჰონკონგია 24 მილიარდი დოლარით. იმპორტით ყველაზე მეტი ღირებულების ტელეფონებს აშშ ყიდულობს – 2017 წელს 56 მილიარდი დოლარის შეისყიდეს, მათ შორის – 45 მილიარდი დოლარის ჩინეთიდან.
4. მიკროჩიპები და მოწყობილობები – $ 623 მილიარდი
მიკროჩიპებისა და მსგავსი მოწყობილობების ექსპორტმა 2017 წელს 623 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ბაზრის ლიდერი ჰონკონგია 113 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზე ტაივანია 92 მილიარდით, ხოლო მესამეზე სამხრეთი კორეაა 86 მილიარდი დოლარით. მაღალია ჩინეთის, სინგაპურის, მალაიზიის, ვიეტნამისა და სხვა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების წილიც. ჯამში აღმოსავლეთ აზიაზე მოდის მიკროჩიპებისა და მოწყობილობების ექსპორტის 86%. ევროპაზე მხოლოდ 7% მოდის. წმინდა ექსპორტით (ექსპორტს გამოკლებული იმპორტი) პირველ ადგილზე სამხრეთი კორეაა 53 მილიარდი დოლარით.
3. საავტომობილო საწვავი – $ 658 მილიარდი
მსოფლიოს მესამე ყველაზე მსხვილი საექსპორტო პროდუქცია საავტომობილო საწვავია (ბენზინი, დიზელი, გაზი და ა.შ.) 658 მილიარდი დოლარით. ფასების შემცირების გამო, 2013 წლის შემდეგ მისი ექსპორტის ღირებულება 40%-ით ნაკლებია. ექსპორტიორთა შორის პირველ ადგილზეა აშშ 78 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზე – რუსეთი 58 მილიარდი დოლარით და მესამე ადგილზე სინგაპური 46 მილიარდი დოლარით. წმინდა ექსპორტით რუსეთია პირველზე – 57 მილიარდი დოლარით. წარმოების მიხედვით პირველ ადგილზეა აშშ 893 მეტრული ტონით. მეორეზე კი ჩინეთია 564 მეტრული ტონით.
2. მსუბუქი ავტომობილები – $ 749 მილიარდი
მსოფლიოს ნომერ მეორე და ამავე დროს მზარდი საექსპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია 749 მილიარდი დოლარით. ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გერმანიაა 157 მილიარდი დოლარით და საექსპორტო ბაზრის 21%-იანი წილით. მეორე ადგილზე იაპონიაა 93 მილიარდი დოლარით, მესამეზეა აშშ 54 მილიარდით, ხოლო მეოთხეზე კანადა 46 მილიარდი დოლარით. უმსხვილესი საექსპორტო კომპანიები ტოიოტა, ფოლკსვაგენი, დაიმლერი, ფორდი, BMW, ჯენერალ მოტორსი, ჰონდა და ჰიუნდაი არიან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ 54 მილიარდი დოლარის ავტომობილების ექსპორტს ახორციელებს, ამავე დროს, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი იმპორტიორიცაა. 2017 წელს აშშ-ში 180 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა.
1. ნედლი ნავთობი – $ 844 მილიარდი
2017 წლის მონაცემებით მსოფლიოს ნომერ პირველ საექსპორტო და შესაბამისად, ყველაზე დიდი ფულის საშოვნ პროდუქციად ნედლი ნავთობი რჩება. 2017 წელს მისმა ექსპორტმა 844 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა ფასების შემცირების შემდეგ (2013 წლის შემდეგ) ნავთობის ექსპორტის ღირებულება 46%-ით ნაკლებია. ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი საუდის არაბეთია 134 მილიარდი დოლარით და მსოფლიო ექსპორტის 16%-იანი წილით. მეორე ადგილზე რუსეთია 93 მილიარდი დოლარით. მესამეზე ერაყია 62 მილიარდით, ხოლო მესამეზე – კანადა 54 მილიარდი დოლარით. ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ჩინეთია 162 მილიარდი დოლარით. შემდეგ აშშ მოდის 139 მილიარდი დოლარით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ დღეში 12 მილიონ ბარელამდე ნავთობის მოპოვებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მოპოვებით მეორე ადგილზე რუსეთია.