2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესებული არაერთი შეზღუდვის მიუხედავად მილიარდობით დოლარის მოცულობის ევროსა და დოლარის ბანკნოტები რუსეთში მაინც მოხვდა. ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ბანკნოტების ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის მიუხედავად რუსეთში $2.3 მილიარდის ღირებულების ევროსა და დოლარის სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტი მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა.
აღნიშნული მოცემულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ეკონომიკის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების მაღალ ხარისხს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ რუსეთის მთავრობა მყარ ვალუტებზე დამოკიდებულების შემცირებას განიზრახავდა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის მოსახლეობა ერთმანეთთან სავაჭროდ უპირატესობას მაინც მყარ ვალუტებს, დოლარსა და ევროს ანიჭებს.
რუსეთში დიდი რაოდენობით ამერიკული და ევროპული ბანკნოტები ისეთი ქვეყნებიდან მოხვდა, როგორებიცაა თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელთაც რუსეთთან სავაჭრო შეზღუდვები დაწესებული არ აქვთ. თუმცა საბაჟო დეპარტამენტის ჩანაწერებში არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი ქვეყნიდან იმპორტირდა აღნიშნული ბანკნოტების ნახევარზე მეტი.
შეგახსენებთ, რომ აშშ იმ ორგანიზაციებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთს მესამე ქვეყნის გავლით სანქციებისათვის თავის არიდებაში ეხმარება, სანქციების დაწესებით რამდენჯერმე დაემუქრა.
ცნობისთვის, ამჟამად უცხოურ ვალუტებს შორის ვაჭრობისთვის ყველაზე დიდი პოპულარობით მოსკოვში ჩინური იუანი სარგებლობს.