შვეიცარიული Roche ნაწლავების ანთებითი დაავადებების ახალ მედიკამენტზე უფლებებისთვის Roivant-სა და Pfizer-ს საწყის ეტაპზე $7.1 მილიარდს გადაუხდის. კომპანიის მიზანი, ახალ სფეროებში გაფართოებით, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე მოთხოვნის ვარდნის დაბალანსებაა.
ნაწლავების ანთებითი დაავადებები კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების ჯგუფს განეკუთვნება, რომლითაც მსოფლიოში თითქმის 8 მილიონი ადამიანია დიაგნოზირებული. Roche-ს ინფორმაციით, კომპანია Telavant Holdings-ს შეისყიდის, რომლისთვისაც Roivant-სა და Pfizer-ს ექსპერიმენტული წამლის შემუშავების, წარმოებისა და კომერციალიზაციის უფლება აქვთ მინიჭებული. ექსპერიმენტული მედიკამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში RVT-3101-ის სახელითაა ცნობილი.
მედიკამენტების შვეიცარიული მწარმოებლის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, თომას შინეკერს, განსაკუთრებით ალცჰაიმერისა და კიბოს იმუნოთერაპიის ცდებში გასული წლის წარუმატებლობის შემდეგ, Roche-ს წამლების განვითარების ისტორიის აღდგენა სურს. გარიგების დადასტურების შემდეგ Roche-ს აქციების ფასი 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, ვივეკ რამასვამის მიერ დაარსებული Roivant-ის აქციების ღირებულება 16.4%-ით გაიზარდა და $11.24-ს გაუტოლდა.
ისევე როგორც მისი წინამორბედი სევერინ შვანი, რომელიც ახლა Roche-ში თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, თომას შინეკერიც Roche-ს ონკოლოგიური ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს. კომპანიის პროგნოზით, 2023 წელს, მედიკამენტების, Herceptin-ის, Avastin-ისა და Rituxan-ის გაყიდვების შემცირება გაყიდვების 1.1 მილიარდი შვეიცარიული ფრანკით ($1.23 მილიარდი) შემცირებას გამოიწვევს.