კომპანია „დელი“ გაყიდული კომპიუტერების რაოდენობით დღეს მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ის მხოლოდ „ლენოვოს“ და HP-ის ჩამორჩება. მისი დამფუძნებელი და დღემდე მმართველი (CEO) მაიკლ დელია, რომლის ქონება 67 მილიარდი აშშ დოლარია და მილიარდერების რეიტინგში ის მე-16 ადგილს იკავებს.
2022 წელს „დელის“ შემოსავალმა 102 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 2.5 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 86 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 48 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 133 ათასი ადამიანი.
„დელი“ 1984 წელს ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტმა მაიკლ დელიმ დააარსა 19 წლის ასაკში. მაიკლი ტეხასში მცხოვრები ებრაელების ოჯახში დაიბადა და ადრეული ასაკიდან რამდენიმე მიმართულებით იყო ჩართული ბიზნესში. 1984 წელს სწავლის პარალელურად კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო, ძირითადად IBM-ის კომპიუტერებს ყიდდა. ამ პროცესში დაინახა, რომ კომპიუტერებზე მოთხოვნის სპეციფიკას არსებული ნაწარმი ვერ პასუხობდა და გადაწყვიტა, თავის კომპანიაში აეწყო კომპიუტერები. უნივერსიტეტში სწავლა კი მიატოვა.
პირველი კომპიუტერი Turbo PC 1885 წელს გამოუშვა, რომელიც დაახლოებით 800 დოლარი ღირდა. „დელი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს მისი სურვილის შესაბამისად კომპიუტერის აწყობის საშუალება მისცა, ანუ მომხმარებელი თავად ირჩევდა, როგორი და რა სიძლიერის კომპონენტები სურდა. ეს იმდენად წარმატებული მიდგომა გამოდგა, რომ კომპანიამ პირველივე წელს 73 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
კომპანიას თავიდან PC’s Limited ერქვა, „დელი“ 1987 წლიდან ჰქვია.
პირველი საზღვარგარეთული ფილიალი კომპანიამ 1987 წელს ბრიტანეთში გახსნა. 1988 წელს კი საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციების გაყიდვა დაიწყო და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 30 მლნ-დან 80 მლნ დოლარამდე გაზარდა. აქციების გაყიდვით მიღებული შემოსავალი კომპანიამ წარმოების გაფართოებისა და ირლანდიაში საწარმოს გახსნისთვის გამოიყენა. ირლანდიაში წარმოებული კომპიუტერები ევროპის, აზიის და აფრიკის ქვეყნებს მიეწოდებოდა.
1990-იანი წლები კომპანიისთვის საერთაშორისო ბაზრების ზრდის პერიოდი იყო. 1996 წელს ონლაინშეკვეთებით დაიწყო გაყიდვები, რაც იმ დროს ძალიან იშვიათი იყო. ამავე წელს მომხმარებელთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა აზიაში, კერძოდ – მალაიზიაში. 1998 წელს კი ჩინეთის ბაზარზე შევიდა. 1999 წელს კომპანიის შემოსავალმა 18 მილიარდ დოლარს მიაღწია.
2000-იანების დასაწყისში „დელი“ პირველ ადგილზე იყო კომპიუტერების და მისი დეტალების ბაზარზე მიწოდებით. 2002 წლიდან ტელევიზორების, აუდიომაგნიტოფონების და პრინტერების გამოშვებაც დაიწყო. 2000-იანების ბოლო „დელის“ წარმატების უწყვეტი ისტორია შეჩერდა, რადგან ძალიან გაიზარდა კომპიუტერების ბაზარზე კონკურენცია, განსაკუთრებით ტაივანური, კორეული და ჩინური კომპანიებისგან. 2008 წელს კომპანიის შემოსავალი 62 მილიარდი დოლარი იყო, 2010-ში კი 53 მილიარდი დოლარი.
2013 წელს მაიკლ დელიმ აქციონერებისგან აქციების გარკვეული რაოდენობა გამოისყიდა, რომ მართვაში მისი როლი გაეძლიერებინა და კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია შეემუშავებინა, რომელიც ძირითადად ინოვაციებსა და გრძელვადიან ინვესტიციებზე იქნებოდა კონცენტრირებული. 2013-ში კომპანიის შემოსავალი 57 მილიარდი დოლარი იყო.
2014-2016 წლებში კომპანიის შემოსავალმა კლება განაგრძო და 51 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაიკლ დელის გადაწყვეტილებებმა შედეგი გამოიღო და 2017 წლიდან კომპანია აღმასვლას დაუბრუნდა. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს გადასცდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რამდენიმე კომპანიის შესყიდვა იყო, როგორიცაა SecureWorks-ი, VirtuStream-ი, Wyse-ი და SonicWall-ი. შეიძლება ითქვას „დელიმ“ დიდება დაიბრუნა, მისი ტექნოლოგიების ხარისხი და მომხმარებლების კმაყოფილების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა.