როგორ ვიქცეთ საზრიან ICO-ინვესტორად?

როგორ ვიქცეთ საზრიან ICO-ინვესტორად?

აკონტროლე შიში და სიხარბე

კაცობრიობის ფინანსური ისტორია ერთ აშკარა ფაქტზე მიუთითებს: ფინანსური სისტემის მთავარ დეფექტს ადამიანები წარმოადგენენ. ფინანსურ სფეროში ჩატარებული ქცევების კვლევათა თანახმად, ფული გვიძლიერებს გადაჭარბებული რეაგირების ტენდენციებს და მიდრეკილებს გვხდის, აღტაცებული მდგომარეობიდან (როცა საქმე კარგად მიდის) დეპრესიაში გადავეშვათ (როცა საქმე ცუდად მიდის). ბუმი და ფინანსური ბუშტის გასკდომა პრინციპში, ჩვენი ემოციური არამდგრადობის შედეგია.

ბაზრების ფუნქციონირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა განსაკუთრებით ორ ემოციას აქვს: შიშსა და სიხარბეს. თუ შიში, ძირითადად ფულის დაკარგვის შიშს ეხება, სიხარბე ფულის ვერშოვნის შიშია. სიხარბეა, რასაც გრძნობ, როცა შენთვის აუტანელია, Bitcoin-ში, Ethereum-სა ან ყოველდღიურად მზარდ უახლეს ICO-ებში (პირველად კრიპტომონეტარულ შეთავაზებებში) რომ ვერ ახდენ ინვესტირებას. მონეტებში თუ აბანდებ კაპიტალს, საკუთარი შიშისა და სიხარბის გაკონტროლება უნდა ისწავლო, თორემ შენმა ემოციურმა სისუსტემ, შესაძლოა, სტრესი და ქაოსი შეიტანოს დეცენტრალიზებული სამყაროს ლამაზ სურათში.   

თავად მე კრიპტოეკონომიკის მგზნებარედ მწამს და ცხადად ვხედავ ისეთ სამყაროს, სადაც დეცენტრალიზებულ პროტოკოლებს ცენტრალიზებულ ქსელებზე დიდი უპირატესობა აქვთ. ეს რომ მოხდეს, რიგითმა ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უნდა იზრუნონ ინვესტიციის უნარების დახვეწაზე და დროთა განმავლობაში, ეს მართლაც მოხდება. მაგრამ საკითხავია, როდის. რამდენი „კრიპტოგასაჭირი“  უნდა გამოვიაროთ, უსისხლხორცო მანქანებად რომ ვიქცეთ? ICO-ებით ჩვეულებრივ ხალხს პოტენციურად ღვთაებრივი მოგებების მიღება შეუძლია; მათ შეუძლიათ, გლობალური დეცენტრალიზებული ქსელების მეწილეები გახდნენ და თან, მარტივად: ამისათვის უბრალოდ უნდა იყიდონ Ether-ი, Bitcoin-ი, Numerai, Golem-ი, Rep-ი და სხვ. ეს სერიოზული შესაძლებლობაა, მაგრამ სერიოზული პასუხისმგებლობაც ახლავს თან, პასუხისმგებლობა, ისწავლო საკუთარი ემოციური სისუსტეების დაძლევა.     

დამწყებებს, ინვესტირებაში უკეთ გასარკვევად, ბენჯამინ გრეემის წიგნის, „საზრიანი ინვესტორის“, წაკითხვას ვურჩევ. ქვემოთ ერთი მაგალითია 90-იანებიდან, როცა ხალხს ეგონა, რომ მხოლოდ პირველადი საჯარო შეთავაზებებით (IPO-ებით) გამდიდრდებოდნენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ პარალელს გაავლებთ დღევანდელ ICO-ისტერიასთან და სწორ დასკვნებსაც გამოიტანთ.     

ადრე ამდგარსა კურდღელსა… დაეწევა მწევარი

სწრაფად გამდიდრების ტოქსინებს შორის, რამაც 1990-იანებში საჯარო ინვესტირებაზე ფოკუსირებული ტვინები მოწამლა, ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი იყო მოსაზრება, რომ ქონების მოხვეჭა IPO-ებითაა შესაძლებელი. IPO „პირველადი საჯარო შეთავაზებაა“, ანუ, როცა კომპანია პირველად მიჰყიდის თავის აქციებს საზოგადოებას. ერთი შეხედვით, IPO-ებში კაპიტალდაბანდება მშვენივრად ჟღერს; სხვა თუ არაფერი, 1986 წლის 13 მარტს, როცა Microsoft-ი საჯარო ბაზარზე გავიდა, მისი 100 აქცია რომ გეყიდა, შენი $2,100-იანი ინვესტიცია 2003-ის დასაწყიში $720,000-ად იქცეოდა. ხოლო როგორც პროფესორებმა ჯეი რიტერმა და უილიამ შვერტმა აჩვენეს, 1960 წლის იანვარში ჯამში სულ $1,000 რომ დაგებანდებინათ ყველა IPO-ში, შეთავაზებულ ფასზე, მერე იმავე თვის ბოლოს რომ გაგეყიდათ და ყოველი მომდევნო თვის IPO-ების მონაგარში თავიდან დაგებანდებინათ, თქვენი პორტფოლიოს ღირებულება 2001 წლის ბოლოსთვის $533 დეცილიონს გადააჭარბებდა.    

სამწუხაროდ, Microsoft-ის მსგავს ყოველ IPO-ზე, უზარმარი მოგება რომ მოსდევს, ათასობით წაგებული მოდის. ფსიქოლოგებმა დენიელ კანერმანმა და ამოს ტვერსკიმ აჩვენეს, რომ როცა მოვლენის ალბათობას ან სიხშირეს ვაფასებთ, მსჯელობას იმაზე კი არ ვაგებთ, რამდენად ხშირად ჰქონდა ამ მოვლენას რეალურად ადგილი, არამედ იმაზე, რამდენად მყვირალაა წარსული მაგალითები. ჩვენ ყველას გვინდა, ვიყიდოთ „ახალი Microsoft-ი“ და ზუსტად იმიტომ, რომ ვიცით, ნამდვილი Microsoft-ის ყიდვა ვერ მოვახერხეთ. მაგრამ რატომღაც არასათანადო ყურადღებას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ სხვა IPO-თა დიდი ნაწილი საზიზღარი ინვესტიციები გამოდგა. იმ ზემოხსენებულ $533 დეცილიონს მხოლოდ იმ შემთხვევაში იშოვიდით, IPO-ბაზრის არც ერთი იშვიათი მოგებული რომ არ ჩაგეგდოთ, ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია. დაბოლოს, IPO-ების დიდ მოგებათა უმეტესობას ექსკლუზიური კერძო კლუბის წევრები იტაცებენ – დიდი საინვესტიციო ბანკები და ფონდები, რომლებიც აქციებს საწყის (ან „ჩამოწერილ“) ფასად ეუფლებიან მანამდე, სანამ კომპანია აქციების საჯარო გაყიდვას დაიწყებს. ღირებულების ყველაზე მკვეთრი მატება ხშირად ისე მცირე რაოდენობის აქციების შემთხვევაში ხდება, რომ ბევრი დიდი ინვესტორიც კი ვერ ყიდულობს წილს: აქციები, უბრალოდ, არაა საკმარისი.     

თუ, როგორც თითქმის ყველა ინვესტორს, თქვენც მხოლოდ მაშინ მიგიწვდებათ IPO-ებზე ხელი, როცა მათი აქციების ფასი ექსკლუზიურ საწყის ფასთან შედარებით კოსმოსში ადის, მაშინ მზად უნდა იყოთ საშინელი შედეგებისთვის. 1980-დან 2001-მდე საშუალო IPO პირველ საჯარო დასკვნით ფასად რომ შეგეძინათ და სამი წელი შეგენარჩუნებინათ, ბაზარს საგრძნობლად ჩამორჩებოდით – 23-ზე მეტი პროცენტული ნიშნულით წლიურად.

ალბათ არც ერთი სააქციო ფონდი არ ასახავს IPO-ებით გამდიდრების მიუწვდომელ ოცნებას ისე კარგად, როგორც ეს VA Linux-ს გაუკეთებია. „LNX-ი ახალი MSFT-ია, – აღტაცებით აღნიშნა ერთ-ერთმა პირველმა მფლობელმა. – იყიდე ახლა და  პენსიაზე ხუთ წელიწადში გადი“. 1999 წლის 9 დეკემბერს აქციები პირველადი საჯარო შეთავაზების ფასად – $30-ად – გავიდა ბაზარზე. მაგრამ მათზე ისეთი მძვინვარე მოთხოვნა იყო, რომ როცა იმ დილას NASDAQ-ი გაიხსნა, VA Linux-ის არც ერთი თავდაპირველი მფლობელი არ თმობდა თავის აქციებს… მანამდე, სანამ ფასი $299-ზე არ ავიდა. პიკი $320 იყო, საბოლოო ფასი კი $239.25 – 697.5%-იანი მოგება ერთ დღეში. მაგრამ ეს მოგება მხოლოდ ერთ მუჭა ინსტიტუციურ მოვაჭრეებს ერგოთ; ინდივიდუალური ინვესტორები თამაშგარე აღმოჩნდნენ.

გახსოვდეთ, რამდენ ადამიანსაც უნდა სურდეს აქციების ყიდვა, თქვენ მხოლოდ მაშინ უნდა იყიდოთ, თუ ეს აქციები იაფი გზაა სასურველი ბიზნესის დასაპატრონებლად. პირველ დღეს, როცა ფასი პიკში იყო, ინვესტორები VA Linux-ის აქციებს ჯამში $12.7 მილიარდად აფასებდნენ. და როგორი იყო თავად კომპანიის ბიზნესის ღირებულება? ხუთ წელს მიტანებულ VA Linux-ს სულ $44 მილიონის ტოლფასი პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები ჰქონდა გაყიდული… პროცესში კი $25 მილიონი დაეკარგა. თავის ბოლო ფისკალურ კვარტალში, VA Linux-მა, გაყიდვების სახით, $15 მილიონი მოიპოვა, თუმცა $10 მილიონი სწორედ გაყიდვებზე დახარჯა. მაშინ ეს ბიზნესი ყოველ მოგებულ დოლარზე თითქმის 70 ცენტს კარგავდა. VA Linux-ის აკუმულირებული დეფიციტი (თანხის ოდენობა, რა ოდენობითაც მისმა ჯამურმა დანახარჯებმა მის შემოსავალს გადააჭარბა) $30 მილიონი იყო.

VA Linux-ი მეზობელი ბიჭის მფლობელობაში არსებული კერძო კომპანია რომ ყოფილიყო, ეს ბიჭი კი ღობეზე გადმოყუდებულიყო და ეკითხა, რამდენს გადაიხდიდით, ის რომ თავისი პატარა გაჭირვებული ბიზნესისგან გაგეთავისუფლებინათ, ხომ არ უპასუხებდით, ოჰ, $12.7 მილიარდი მშვენიერი ფასიაო?! ალბათ არა. ალბათ თავაზიანად გაუღიმებდით, თქვენს ბარბექიუს დაუბრუნდებოდით და იფიქრებდით, ნეტავ, ასეთს რას ეწევა ჩემი მეზობელიო. მხოლოდ საკუთარი მსჯელობის ამარა რომ ვიყოთ, არც ერთი ჩვენგანი არ დათანხმდებოდა ლამის $13 მილიარდის გადახდას წაგებიან საქმეში, რომელსაც უკვე $30 მილიონის გარღვევა ჰქონდა.   

მაგრამ როცა არა კერძო, არამედ საჯარო სივრცეში ვართ, როცა ღირებულების განსაზღვრა უცებ პოპულარობაში შეჯიბრს ემსგავსება, აქციათა ფასი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე იმ ბიზნესის ღირებულება, რასაც ეს აქციები წარმოადგენს. აბა, რა მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ბიზნესი, თუ არსებობს ვინმე, ვინც აქციებში თქვენზე მეტს გადაიხდის?!

ვაჭრობის პირველ დღეს რაკეტასავით ცაში ავარდნილი VA Linux-ი მიწაზე დამძიმებული აგურივით დაეცა. 2002 წლის 9 დეკემბრისთვის, სამი წლის შემდეგ მას შემდეგ, რაც აქციის ფასი $239.50 იყო, VA Linux-ის თითო აქციის საბოლოო ფასი $1.19-ს შეადგენდა.

IPO-ისტერიიდან გამოსატანი დასკვნები, ბოლოდროინდელ ICO-ებზეც შეიძლება, გავრცელდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *