გლობალური პასპორტების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 39-ე ადგილზეა. უკვე რამდენიმე წელია საქართველო აღნიშნულ ინდექსში წინაურდება. შედარებისთვის 2016 წელს ქვეყანა 58-ე ადგილზე იყო.
პასპორტის ინდექსი (Global Passport Index) ყოველწლიურად ქვეყნდება და ის ითვლის, თუ რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი უვიზოდ მიმოსვლა. საქართველოს შემთხვევაში უვიზოდ მოგზაურობა 144 ქვეყანაშია შესაძლებელი, აქედან 74 ქვეყანაში მოგზაურობა უვიზოდაა შესაძლებელი, 40 ქვეყანაში კი ვიზის აღება საზღვარზე ხდება. მსოფლიოს 84 ქვეყანაში მოგზაურობისთვის კი ქართველებს ვიზა ესაჭიროებათ. საქართველოსთან ერთად, 39-ე ადგილს იყოფენ მარშალის კუნძულები, ბოსნია და ჰერცეგოვინა და თურქეთი – სამივე ქვეყნის პასპორტის ინდექსის ქულაც 114-ია.
საქართველოს პოსპორტი გლობალურად ყველაზე მეტად 2017 წელს დაწინაურდა, როდესაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება შევიდა ძალაში.
ყველაზე „ძლიერი პასპორტი“ სინგაპურსა და გერმანიას აქვთ. მათი პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 166 ქვეყანაშია შესაძლებელი. სინგაპურის მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 127 ქვეყანაში შეუძლიათ, საზღვარზე ვიზის აღება კი 39 ქვეყანაში. სინგაპურის მოქალაქეებს ვიზა 32 ქვეყანაში შესასვლელად სჭირდებათ. გერმანიის შემთხვევაში, კი უვიზოდ მოგზაურობა 126 ქვეყანაშია შესაძლებელი, საზღვარზე ვიზის აღება 40 ქვეყანაში, ხოლო ვიზა გერმანელებს 32 ქვეყანაში სამოგზაუროდ ესაჭიროებათ.
მეორე ადგილს 165 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობით, დანია, შვედეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი, იტალია, საფრანგეთი, ნორვეგია, ნიდელანდების სამეფო, ესპანეთი, სამხრეთ კორეა და აშშ ინაწილებენ. აქედან, დანიის შვედეთისა და ფინეთის მოქალაქეებს სრულად უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 126 ქვეყანაში შეუძლიათ, ვიზის საზღვარზე აღებით კი 39 ქვეყანაში. ლუქსემბურგისა და იტალიის შემთხვევაში სრულად უვიზოდ მოგზაურობა 125 ქვეყანაშია შესაძლებელი, საზღვარზე ვიზის აღებით კი 40 ქვეყანაში. საფრანგეთის პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 124 ქვეყანაშია შესაძლებელი, ხოლო საზღვარზე ვიზის აღებით 41 ქვეყანაში. ნორვეგიის, ნიდერლანდების სამეფოს და ესპანეთის შემთხვევაში უვიზო ქვეყნების რაოდენობა 123-ია, ხოლო საზღვარზე ვიზის მიღება 42 ქვეყანაშია შესაძლებელი. კორეის რესპუბლიკის მოქალაქეებს 121 ქვეყანაში სრულად უვიზოდ, ხოლო 44 ქვეყანაში კი ვიზის საზღვარზე აღებით შეუძლიათ გადაადგილება. აშშ-ს პასპორტით უვიზოდ შესვლა 116 ქვეყანაშია შესაძლებელი, საზღვარზე ვიზის აღებით კი 49 ქვეყანაში.
ყველაზე „სუსტი პასპორტი“ ავღანეთის მოქალაქეებს აქვთ. ავღანური პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს მხოლოდ 30 ქვეყანაშია შესაძლებელი, აქედან სრულად უვიზოდ 5-ში, ხოლო საზღვარზე ვიზის აღებით კი 25 ქვეყანაში.