ფოტო: Getty Images
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საერთაშორისო ტურიზმი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე დაუბრუნდა ან გადააჭარბა COVID-19-მდე არსებულ მაჩვენებლებს, ზოგიერთი ტურისტული მიმართულება ძველი შედეგების აღდგენას კვლავ ვერ ახერხებს.
OECD-ის Tourism Trends and Policies-ის 2026 ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2019 და 2025 წლებში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობას ერთმანეთს ადარებს, ყველაზე დიდი ზრდა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მკვეთრი კლება გეოპოლიტიკური კონფლიქტებისა და პანდემიის ხანგრძლივი გავლენის მქონე ქვეყნებმა განიცადეს.
ყველაზე მაღლი შედეგი საუდის არაბეთმა აჩვენა, სადაც 2025 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 67%-ით გაიზარდა. ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის ეკონომიკური დივერსიფიკაციის სტრატეგიამ – Vision 2030, რომლის ფარგლებში ხელისუფლებამ ტურისტული ვიზების მიღება გაამარტივა, ავიარეისების რაოდენობა გაზარდა და კულტურულ, გასართობ და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მაროკოსა და ეგვიპტეშიც, რაც ხმელთაშუა ზღვისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ტურისტული ნაკადები გაიზარდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც, სადაც ბრაზილიამ, კოლუმბიამ და ჩილემ პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადააჭარბეს.
ევროპაში ზრდის ტემპი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან შედარებით უფრო ზომიერი აღმოჩნდა. საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა ნორვეგიაში, სერბეთში, დანიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. მიუხედავად ამისა, გერმანია, იტალია და განსაკუთრებით ირლანდია 2019 წლის მაჩვენებლებს კვლავ ჩამორჩებიან.
ყველაზე დიდი კლება ისრაელში დაფიქსირდა, სადაც საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 71%-ით შემცირდა. OECD-ის შეფასებით, ეს პირდაპირ უკავშირდება ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტს, რომელმაც ქვეყნის ტურისტულ სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის რამდენიმე ქვეყანა. ტაილანდი, ახალი ზელანდია, ავსტრალია და ინდონეზია კვლავ ჩამორჩებიან 2019 წლის შედეგებს, რაც ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პერიოდში საზღვრების ხანგრძლივი დახურვისა და ტურისტული ნაკადების შედარებით ნელი აღდგენის შედეგია.
საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა შემცირდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც. 2025 წელს შეერთებულ შტატებში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 14%-ით ნაკლები იყო, ხოლო კანადაში კლებამ 11% შეადგინა.
წარმოგიდგენთ OECD-ის მონაცემებზე დაფუძნებულ რეიტინგს, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიცვალა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2019-2025 წლებში.
ქვეყნები, სადაც 2019-2025 წლებში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა:
| ადგილი | ქვეყანა | საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის ცვლილება |
|---|---|---|
| 1 | საუდის არაბეთი | +67% |
| 2 | მაროკო | +53% |
| 3 | ეგვიპტე | +47% |
| 4 | ბრაზილია | +46% |
| 5 | კოლუმბია | +45% |
| 6 | იაპონია | +34% |
| 7 | ჩილე | +33% |
| 8 | ნორვეგია | +28% |
| 9 | სერბეთი | +27% |
| 10 | დანია | +22% |
| 11 | თურქეთი | +21% |
| 12 | პორტუგალია | +20% |
| 13 | ლუქსემბურგი | +19% |
| 14 | სლოვენია | +16% |
| 15 | ესპანეთი | +16% |
| 16 | ისლანდია | +14% |
| 17 | საფრანგეთი | +12% |
| 18 | საბერძნეთი | +11% |
| 19 | ნიდერლანდები | +11% |
| 20 | შვედეთი | +11% |















