სანქცირებულმა რუსმა მილიარდერმა, ვლადიმირ პოტანინმა Rosbank PJSC-ის წილი თავისსავე საკუთრებაში არსებულ საქველმოქმედო ფონდს გადასცა. პოტანინი, მსოფლიოში ნიკელისა და პალადიუმის უდიდესი მწარმოებლის Nornickel-ჯგუფის უმსხვილესი აქციონერი, ამჟამად რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეა.
კომპანიის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გაკეთებული განცხადების თანახმად, პოტანინის ფირმა Interros-მა რუსული ბანკის 50%-მდე აქციების ფონდისთვის გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო. როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ფონდისთვის წილის გადაცემასთან ერთად, Rosbank-ის საკუთრების 10% კრედიტორის თანამშრომლების წამახალისებელ პროგრამას მოხმარდება. თანამშრომლები აქციებთან დაკავშირებულ ციფრულ ფინანსურ აქტივებს მიიღებენ.
პოტანინის განცხადებით, მისი მიზანი სიმდიდრის დიდი ნაწილის საქველმოქმედო საქმიანობისთვის გამოყენებაა და, შესაბამისად, Rosbank-ის აქციების გაცემაც სწორედ ამ ძალისხმევის ერთ-ერთი ნაწილია. აქვე გეტყვით, რომ Forbes-ის შეფასებით, 61 წლის ვლადიმირ პოტანინის ქონება $26.4 მილიარდს უტოლდება.
ცნობისთვის, პოტანინმა აპრილში Societe Generale SA-სგან, ამ უკანასკნელის განკარგულებაში არსებული Rosbank-ის აქციების სრული პაკეტი შეიძინა. მაშინ რუს მილიარდერს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწესებული სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ.