საქართველოს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მისი საერთაშორისო სატრანსპორტო ფუნქცია საკმაოდ მაღალი და მნიშვნელოვანია. პოტენციურად, საქართველოს შეუძლია საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციებიდან მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღოს, თუმცა, 2015 წლიდან საქართველო საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე საკუთარი სატრანსპორტო ოპერაციებიდან შემოსავალი აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს სატრანსპორტო მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აქვს.
2010 წელს, საქართველოს სატრანსპორტო მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობაში დადებითი ბალანსი ჰქონდა – 141 მლნ დოლარი. 2011 წლიდან დადებითმა ბალანსმა შემცირება დაიწყო და 2015 წელს უარყოფითი გახდა (ცხრილი). 2016 წელს უარყოფითმა ბალანსმა -40 მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო 2017 წლის იანვარ-სექტემბერში -77 მლნ დოლარს.
თუ ტრანსპორტის სახეობების მიხედვით ვნახავთ, საქართველოს ყველაზე დიდი ვარდნა რკინიგზის ტრანსპორტიდან მიღებულ წმინდა შემოსავლებში აქვს. 2012 წლადმე რკინიგზის საერთაშორისო სატრანსპორტო შემოსავლები იზრდებოდა, 2013 წლიდან კი კლება დაიწყო. 2016 წელს რკინიგზის წმინდა შემოსავალი უარყოფითი გახდა 2 მლნ დოლარით (რკინიგზის მომსახურების იმპორტმა გადააჭარბა მომსახურების ექსპორტს), ხოლო 2017 წლის იანვარ-სექტემბერში უარყოფითმა ბალანსმა -38 მლნ დოლარს მიაღწია.
საქართველოს სტაბილური, მნიშვნელოვნად დადებითი შემოსავალი აქვს მილსადენი ტრანსპორტიდან, წელიწადში საშუალოდ 300 მლნ დოლარი.
დადებითი ტენდენციიდან გამოსაყოფია საჰაერო ტრანსპორტი, რომელმაც 2017 წლის 3 კვარტალი 26 მლნ დოლარის დადებითი ბალანსით დაასრულა, როცა 2016 წლის 3 კვარტალში 11 მლნ დოლარის უარყოფითი ბალანსი ჰქონდა.
ცხრილი: საქართველოს წმინდა შემოსავალი საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებიდან, მლნ დოლარებში
| 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | იან-სექტ, 2016 | 2016 | იან-სექტ, 2017 |
ტრანსპორტი | 141 | 105 | 46 | 73 | 32 | -7 | -5 | -40 | -77 |
საზღვაო ტრანსპორტი | -43 | -93 | -108 | -134 | -154 | -136 | -71 | -97 | -111 |
საჰაერო ტრანსპორტი | -30 | -7 | -17 | 9 | -9 | -22 | -11 | -25 | 26 |
რკინიგზის ტრანსპორტი | 74 | 93 | 116 | 115 | 92 | 68 | 14 | -2 | -38 |
საგზაო ტრანსპორტი | -146 | -164 | -224 | -210 | -227 | -245 | -172 | -235 | -181 |
მილსადენი | 286 | 278 | 279 | 293 | 330 | 327 | 236 | 319 | 228 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი