ამერიკის შეერთებული შტატების ავიაკომპანია, Delta Airlines-ი საჰაერო ტაქსების მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან სტარტაპში, Joby Aviation-ში $60 მილიონს დააბანდებს, – ამის შესახებ The Verge-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინვესტიციით კომპანიები საჰაერო-სატრანსპორტო სერვისს შექმნიან, რომელიც მომხმარებლებს სახლიდან აეროპორტამდე მისვლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ $60-მილიონიანი ინვესტიცია პირველადია და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გარკვეულ ნიშანსვეტებს მიაღწევს, Delta Airlines-ი მას $200 მილიონამდე გაზრდის.
სერვისი, რომელიც საწყის ეტაპზე ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გაეშვება, პირველი ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც კომპანიის CEO-მ, ჯობენ ბევირტმა მედია ბრიფინგისას განაცხადა, Joby Aviation-ის აღნიშნული სერვისის გამოყენებით, მანჰეტენზე მცხოვრები მგზავრები პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტამდე მისვლას ათ წუთში მოახერხებენ – მაშინ, როცა აღნიშნული მარშრუტის ავტომობილით ან მეტროთი დასაფარად მათ დაახლოებით ერთი საათი სჭირდებათ. თუმცა, საქმე ისაა, რომ Joby Aviation-ის საჰაერო-სატრანსპორტო საშუალებებს (eVTOL) ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ოპერირების ლიცენზია ჯერ არ აქვთ.
Joby Aviation-ს და ინდუსტრიის სხვა კომპანიებს იმედი აქვთ, რომ ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან (FAA) ლიცენზიას მალე მიიღებენ, მაგრამ ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლებელია ამ პროცესს ხუთი ან მეტი წელიწადი დასჭირდეს. აღსანიშნავია, რომ საჰაერო ტაქსების სერვისის გაშვებას Joby Aviation-ი 2024 წლისთვის გეგმავს.
შეგახსენებთ, Joby Aviation-ი 2009 წელს დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც საჰაერო ტაქსების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა მსოფლიოში. წლების განმავლობაში, Joby-მ ინვესტიციების მოპოვება სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებისგან შეძლო, მათ შორისაა Toyota და Uber-ი.
2021 წელს, SPAC-კომპანიასთან შერწყმით, Joby Aviation-მა საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე განათავსა – დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.34 მილიარდს შეადგენს.