წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა 2017 წელს საქართველოს პოზიცია ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ათ საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე აუცილებელი პირობაა.
დღეს გლობალიზაციის დონე ისეთი მაღალია, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ინარჩუნებენ. საერთაშორისო ბიზნესს და კაპიტალს აღარა აქვს საზღვრები – იქ განთავსდება, სადაც სარგებლის მისაღებად უკეთესი პირობებია. შესაბამისად, ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორებს. სწორედ ხელსაყრელი პირობების მიხედვით ქვეყნების ერთმანეთთან შედარებას ემსახურება საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც, ამავე დროს, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების კარგი საშუალებაა.
1. საქართველო “ჰერიტიჯის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (+10 ადგილი)
“ჰერიტიჯის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას კანონის უზენაესობის, მთავრობის ზომის, რეგულაციების ეფექტიანობისა და ღია ბაზრების მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2016 წელს საქართველო 23-ე ადგილზე იყო, 2017 წელს კი მე-13 ადგილზე (180 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ჰონკონგი იკავებს.
2. საქართველო “ფრაიზერის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (-3 ადგილი)
“ფრაიზერის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას მთავრობის ზომის, რეგულაციების, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის, ფასების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2016 წელს საქართველო მე-5 ადგილზე იყო, 2017 წელს კი მე-8 ადგილზე (159 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ჰონკონგი იკავებს.
3. საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში (+7 ადგილი)
ბიზნესის კეთების სიადვილის (Doing Business) რეიტინგს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. რეიტინგში ქვეყნები ათი კრიტერიუმის მიხედვით არიან შეფასებული, მაგალითად, რამდენად მარტივია ბიზნესის დაწყება, გადასახადების დონე, სესხის ხელმისაწვდომობა, ქონების რეგისტრაცია და ა.შ. აღნიშნულ რეიტინგში 2016 წელს საქართველო მე-16 ადგილზე იყო, 2017 წელს კი მე-9 ადგილზე (190 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს.
4. საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში (-8 ადგილი)
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს. რეიტინგში ქვეყნები 114 კრიტერიუმის მიხედვით არიან შეფასებული, რომელთა უმეტესობის შესადგენად მეწარმეების პირდაპირი გამოკითხვა ჩატარდა. აღნიშნულ რეიტინგში 2016 წელს საქართველო 59-ე ადგილზე იყო, 2017 წელს კი 67-ე ადგილზე (137 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს.
5. საქართველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში (+1 ადგილი)
საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია “საკუთრების უფლების ალიანსი” აქვეყნებს. საკუთრების დაცვის დონე კანონის უზენაესობის, ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაჩვენებლებით არის შეფასებული. აღნიშნულ რეიტინგში 2016 წელს საქართველო 89-ე ადგილზე იყო, 2017 წელს კი 88-ე ადგილზე (127 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს.
6. საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში (-3 ადგილი)
ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგს შვეიცარიული ორგანიზაცია “ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი” აქვეყნებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მოძრაობისა და მიგრაციის მიხედვით არის განსაზღვრული. მეტი გლობალიზაცია მეტი განვითარების პოტენციალს ნიშნავს. 2016 წელს საქართველო მე-16 ადგილზე იყო, 2017 წელს კი მე-19 ადგილზე (207 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს.
7. საქართველო კორუფციის აღქმის რეიტინგში (+4 ადგილი)
კორუფციის აღქმის ინდექსს გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს. რეიტინგის შედეგები ათზე მეტ სხვადასხვა კვლევას ემყარება. აღნიშნულ ინდექსში 2016 წელს საქართველო 48-ე ადგილზე იყო, 2017 წელს კი 44-ე ადგილზე (176 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ახალი ზელანდია და დანია ინაწილებენ.
8. საქართველო დემოკრატიის რეიტინგში (+4 ადგილი)
დემოკრატიის რეიტინგს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგში 2016 წელს საქართველო 82-ე ადგილზე იყო, 2017 წელს კი 78-ე ადგილზე (167 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. 5.93 ქულით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.
9. საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (იგივე ადგილი)
ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. რეიტინგში 2016 წელს საქართველო 64-ე ადგილზე იყო, 2017 წელსაც 64-ე ადგილზე (180 ქვეყანას შორის) დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ქულა 0.02-ით გაიუმჯობესა. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.
10. საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში – Freedom House (-2 ადგილი)
ორგანიზაცია Freedom House-ი პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტებისა და მკვლევრების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. აღნიშნულ ინდექსში 2016 წელს საქართველო მე-100 ადგილზე იყო, 2017 წელს კი 102-ე ადგილზე (199 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.