საქართველოს ბანკმა, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. ამჯერად ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების, UN Global Compact-ის წევრი გახდა.
UN Global Compact მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მდგრადი განვითარების ინიციატივაა. ინიციატივის ფარგლებში გაერო ცნობს და მხარს უჭერს იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა და სტრატეგიაც თანხვედრაში მოდის ისეთ უნივერსალურ პრინციპებთან, როგორიცაა: ადამიანისა და შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.
„საქართველოს ბანკისთვის დიდი პატივია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბანკის საქმიანობა სრულ თანხვედრაშია გაეროს გლობალური შეთანხმების ძირითად პრინციპებთან. საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100-ზე მეტი პროექტის მხარდამჭერია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნას, მეტი ადამიანის, სფეროს თუ ადგილის მდგრად განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებებით პროექტების მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ვრცლად, იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ახორციელებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://csr.ge/